კლიმატის ცვლილებები და ტრადიციული მარცვლოვნების ჯიშები



კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს გარემოზე და განაპირობებს ახალ გამოწვევებს სოფლის მეურნეობაში, რომელთა დაძლევაც მნიშვნელოვანია დარგის მდგრადი განვითარებისთვის.  იმ დროს, როცა საქართველოში სასურსათო პროდუქტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების გაუმჯობესება, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების შემცირებასთან.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული არასასურველი შედეგები შემდეგნაირად აისახება სოფლის მეურნეობაზე: დამანგრეველი და გახშირებული სტიქიური მოვლენები, ტემპერატურის მატება, შემცირებული ნალექები, გაზრდილი მავნებლები, სარეველები და დაავადებები, დეგრადირებული მიწა და გაუდაბნოება, ნაკლები წლის რესურსი და სხვა - ეს ყველაფერი იწვევს სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის შემცირებას.

ყველა ამ პრობლემის წინაშე დგანან საქართველოში სხვადასხვა დარგში მოქმედი ფერმერები. კლიმატით გამოწვეული პრობლემების ფონზე მათ უჭირთ კულტურათა ჯიშების სწორი შერჩევა. ამ დროს მნიშვნელოვანია მეცნიერების სწორად ჩართულობა და დროული რეკომენდაციები. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი არასამტავრობო სექტორთან თანამშრომლობით მუშაობს სხვადასხვა კულტურების ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების და კლიმატთად ადაპტირებული ჯიშების მოძიების მიმართულებით.

2023 წელს ცენტრმა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ქართული ტრადიციული ჯიშების გენეტიკური მასალა მოიძია. ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისგან მიღებულია ხორბლის 44 ნიმუში, აშშ-ის გენბანკიდან 227 ნიმუში, მათ შორის, სიმინდის 7, ლობოის 8 და ხორბლის 212 ნიმუში; გერმანიის გენბაკიდან მიღებულია 1773 ნიმუში, მათ შორის, ხორბლის 257, ლობიოს 1219 და სიმინდის 301. მეცნიერებმა ოთხ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ექსპედიციების ფარგლებში ხორბლის 11, სიმინდის 90 და ლობიოს 100 ნიმუში შეაგროვა.  

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 4 წლიან საგრანტო პროექტს 2023 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და გენეტიკური რესურების შეგროვების მიზნით ექსპედიციების მოწყობა.

პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ტრადიციული ჯიშების გამოყენება და კონსერვაცია, ეროვნულ და საერთაშორსო დონეზე ხელმისაწვდომი გახდება სამიზნე კულტურების კოლექციების მონაცემები, ხელი შეეწყობა ადგილობრივი ჯიშების ფერმერული მეურნებების პირობებში გავრცელებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

რუსუდან გიგაშვილი