კლიმატით ცვლილებებით გამოწვეული სტრესები მეცხოველეობაში


ნალექების და ტემპერატურის მკვეთრი, გახშირებული სტიქიური მოვლენები, დეგრადირებული მიწა და წყლის შემცირებული რესურსი პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის დარგებზე. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული არასასურველი შედეგები შემდეგნაირად აისახება სოფლის მეურნეობაზე: დამანგრეველი და გახშირებული სტიქიური მოვლენები, ტემპერატურის მატება, შემცირებული ნალექები, გაზრდილი მავნებლები, სარეველები და დაავადებები, დეგრადირებული მიწა და გაუდაბნოება, ნაკლები წლის რესურსი და სხვა - ეს ყველაფერი იწვევს სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის შემცირებას.

ყველა ამ პრობლემის წინაშე დგანან საქართველოში სხვადასხვა დარგში მოქმედი ფერმერები. მათ შორის, მწვავეა მდგომარეობა მეცხოველეობის სექტორში. ფერმერები მიყვებიან დარგში წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკებს, რაც ნაკლებად რელევანტურია კლიმატური ცვლილებების ფონზე. მეცხოველე ფერმერებს არ აქვთ ცოდნა, თუ როგორ გააუმჯობესონ პროდუქტიულობა; როგორ მოუარონ ნიადაგს და საძოვრებს, როგორ გაამდიდრონ ისინი მინერალებით და სხვადასხვა კომპონენტებით; რას ნიშნავს ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავება და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მიდგომის გამოყენება; რატომ აისახება გარემოსა და პროდუქტიულობაზე ნიადაგის ღრმა დამუშავება; როგორია მულჩირების და თესლბრუნვის საუკეთესო მეთოდები; როგორ შექმნან უკეთესი საკვები ბაზა და სხვ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მეცხოველეობაში დაავადებების სწორად მართვაა. ხშირად ფერმერებს არ აქვთ წვდომა იმ საშუალებების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს დაავადებების პრევენციისთვის, ცხოველის ნივთიერებათა სწორი ცვლისთვის, იმუნიტეტისთვის, ანტიბიოტიკების შესამცირებლად ან ჩასანაცვლებად და სხვ.  

საქართველოში მეცხოველეობით ძირითადად რამდენიმე რეგიონია ლიდერი. მათ შორის, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, სამეგრელო და აჭარა. აღნიშნულ რეგიონებში გვყავს როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი მეცხოველე ფერმერები.

ყველაზე მეტად ფერმერების თავის ტკივილი ტემპერატურული სტრესებია. საქონლის ჯანმრთელობაზე ცხელი და ცივი გარემოს ზემოქმედება უშუალოდ აისახება სტრესებით, რაც ძირითადად გამოწვეულია გაზრდილი ან შემცირებული ტემპერატურითა და ტენიანობით. ამა თუ იმ ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვის მოშენების ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მარტო მის გენოტიპზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენადაა შეგუებული ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურება გარემო პირობებთან. აქედან გამომდინარე, ცხოველის ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა დიდადაა დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე.  

სითბური სტრესი


•    გარემოს მაღალი ტენიანობის და  ტემპერატურის პირობებში ორგანიზმიდან სითბოს გაცემა სათანადოდ ვერ  ხდება, რაც გადახურებას - სითბურ სტრესს იწვევს.
•    მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:
•    დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წყლის დეფიციტი);
•    გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები;
•    სითბური გამოფიტვა;
•    სითბური დაკვრა;

მეცხოველეობაში სითბური სტრესის ზემოქმედებით ცხოველების ორგანიზმის გადახურების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა კლიმატის ცვლილების პირობებში. სითბური სტრესი ცუდ გავლენას ახდენს ცხოველის რეპროდუქციულ ფუნქციებზეც. ფურებში ეს შეიძლება გამოიხატოს ახურების პრობლემებით, ჰორმონალური დისბალანსით, განაყოფიერების დაბალი დონით, დაქვეითებულია ჩასახვის უნარიანობა, კურო მწარმოებლებში მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს სპერმატოზოიდების ხარისხის გაუარესება და ნაყოფიერების დაბალი დონე, რაც საბოლოოდ დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეცხოველეობას.
თუ ცხოველს დიდი ხნის განმავლობაში უწევს კრიტიკულ ტემპერატურებს მიღმა ცხოვრება, მისი პროდუქტიულობა მკვეთრად ეცემა.კონკრეტულად რომელი ტემპერატურაა ცალკეული ცხოველისთვის ოპტიმალური, ასევე დამოკიდებულია ჯიშზე, ასაკზე, პროდუქტიულობასა და გარემოზე. რაც უფრო მეტად პროდუქტიულია ცხოველი და რაც უფრო დიდი ზომისაა ის, მით უფრო ნაკლებად უძლებს მაღალ ტემპერატურებს.                                                   
მერძეული ძროხის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა  0–15 °C. ამაზე მაღალი ტემპერატურა უკვე სითბური სტრესის რისკია.

კლიმატის ცვლილებები და მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით რთულად რეგულირებადია საძოვარზე, სადაც ცხოველებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ მზეზე მაღალი ტემპერატურის ქვეშ ყოფნა.
სითბური სტრესის შემთხვევაში ცხოველი ოფლიანდება, გაძლიერებულია ნერწყვდენა და სვამს მეტ წყალს, მძიმდება სუნთქვა, ეძებს ჩრდილს და ნაკლებად ძოვს.

სითბური სტრესის შემცირება საძოვარზე  შესაძლებელია:

•    მსუბუქი ფარდულების აშენებით;
•    საძოვარზე საჩრდილობლად შესაძლოა ხეების ჩრდილის გამოყენებით;
•    საძოვარზე წყლის უზრუნველყოფით;
•    ღამით ძოვებით.


წყლის მიწოდების მნიშვნელობა

მაღალი ტემპერატურის გავლენით ბუნებრივ საძოვრებზე ხშირია წყლის დეფიციტი, რის გამოც პირუტყვი დროულად ვერ იღებს ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალს, ხშირად კი საძოვარზე მიღებული წყალი მაღალი ტემპერატურისაა და დაბინძურებულია. ამ დროს ცხოველის ორგანიზმში მრავალი პათოლოგიური პროცესი ვითარდება, როგორიცაა საკვების მონელების დარღვევა (პირველ რიგში, წინაკუჭების ატონია, ტიმპანია, აციდოზი); ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გაჩენა; სითბური (მზის)  დაკვრა; პროდუქციის (რძე, ხორცი) რაოდენობის და ხარისხის სწრაფი დაქვეითება. საქონელმა საკმარისი წყალი უნდა მიიღოს, რათა დარჩეს ჯანმრთელი და იყოს პროდუქტიული.
რაც უფრო თბილა და რაც უფრო მეტ რძეს გამოიმუშავებს ძროხა, მით მეტი სასმელი წყალი სჭირდება მას.
1  ძროხას წუთში დაახლოებით 18-25 ლიტრი წყლის  დალევა შეუძლია.

პრაქტიკული რეკომენდაციები სითბური სტრესის თავიდან ასარიდებლად:


•    ზაფხულში რძის წარმოების გაზრდის მიზნით, საძოვრებზე  გასათვალისწინებელია  სიცხისგან მეწველი ძროხების დაცვის ღონისძიებები. სითბური სტრესის აცილება შესაძლებელია მსუბუქი ფარდულების აშენებით, ღამით ძოვების ორგანიზებით და სხვ.;
•    ცხელ კლიმატურ ზონაში სელექციისას ყურადღება მიაქციეთ კვლევის შედეგად დადგენილ ცხოველების სითბომედეგობას, მნიშვნელოვანია ჯიშის შერჩევისას გათვალისწინეთ მისი შემგუებლობა ამა თუ იმ კლიმატური პირობების მიმართ.
•    ვენტილაციისა და სხვა პირობების გაუმჯობესება საქონლის დახურულ ან ნახევრად დახურულ სადგომებში რადიაციის არეკვლის მიზნით ფერმების ღია ფერის მასალით გადახურვა;
•    საკვები ბაზის დახვეწა – ბუნებრივი საკვები სავარგულების გაუმჯობესება და მოსავლიანობის ამაღლება; საკვების გამრავალფეროვნება;
•    გვალვების პერიოდში ცხოველთა დარწყულება საძოვრებზე, საძოვარზე მყოფი პირუტყვისთვის სასმელი წყლის მიწოდება, მაგალითად, ცისტერნების მეშვეობით.
•    საქონლის ძოვების ორგანიზაციის დახვეწა, საძოვრების მზისგან დაცვა ბუნებრივი და ხელოვნური საშუალებებით, ნოტიო პერიოდებში ძოვების შეზღუდვა ან ღამით ძოვება, საძოვრებზე ხეების დარგვა გრძელვადიანი ბუნებრივი დაჩრდილვისთვის;
•    ბუნებრივი საკვები სავარგულების ოპტიმალური გამოყენება, ნაკვეთმორიგეობითი ძოვება, საძოვრის  გაუმჯობესება – მოსავლიანობის ამაღლება.

სიცივით გამოწვეული სტრესი

გარემოს დაბალი ტემპერატურა - სიცივე ხელს უწყობს სისხლში ლეიკოციტების შემცირებას და ფაგოციტური აქტივობის შემცირებას.
თუ ტემპერატურა -5 გრადუსზე დაბლა ჩამოვიდის, სიცივით გამოწვეული სტრესის და დაავადებების რისკები იზრდება.

მკვეთრად დაბალი გარემო ტემპერატურა იწვევს:

•    იმუნური სისტემის დაქვეითებას;
•    ნივთიერებათა ცვლის მოშლას;
•    პროდუქტიულობის შემცირებას.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტემპერატურა უფრო დიდ გავლენას ახდენს ცხოველის ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე, ვიდრე - დაბალი ტემპერატურა, მაინც გასათვალისწინებელია ზამთრის სტრესის შემცირება, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, რისთვისაც გასათვალისწინებელია:

•    ცხოველების დაცვა ორპირი ქარისგან;
•    სუფთა ჰაერი;
•    რბილი, მშრალი ქვეშსაფენი;
•    სუფთა წყალი (შეუზღუდავად);
•    საკვები ( დაბალანსებული და მაღალენერგეტიკული);
•    მინერალური მარილები.

ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ზამთარი მკაცრი არაა და ცხოველისთვის ოპტიმალური გარემო ტემპერატურაა, დაინერგა ე.წ. გრილი ფერმების პრაქტიკა, რაც გულისხმობს მათ ღია სივრცეებში შენახვას წლის ნებისმიერ დროს, ასეთ შემთხვევაში ცხოველებს სჭირდებათ ისეთი თავშესაფარი სადაც დაცულნი იქნებიან ორპირი ქარისგან ზამთარში და მზისგან - ზაფხულში. ხბოები ამგვარ ფერმებში ადვილად უძლებენ 0 °C-ზე დაბალ ჰაერის ტემპერატურას, თუ მათ მშრალ, ქარისგან დაცულ და კარგად ნამჯა მოფენილ იატაკიან მიკროკლიმატურ ზონებს შევუქმნით.

რუსუდან გიგაშვილი