მიხო სვიმონიშვილი დმანისიდან სოფლის მეურნეობის ვარსკვლავებს აგზავნის - X პოსტი

საქართველოს განათლების სისტემა პროფესიული კადრების განვითარებისთვის სულ უფრო მეტ ენერგიას რომ უნდა ხარჯავდეს, ამას ვგრძნობთ, თითოეულ დარგში, ისევე როგორც სოფლის მეურნეობაში, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ქართული აგრო კაპიტალის მფლობელი ადამიანები კი ახალ სახეებს ძირითადად, საერთო თემატიკის შეხვედრებსა და გასაუბრებებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზებულ ღონისძიებებსა და საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილ კამპანიებში პოულობენ, აკომპლექტებენ გუნდებს და მუშაობენ სასოფლო-სამეურნეო პროექტებზე, რომლის მსვლელობის დროს მეტად ავითარებენ თანამედროვე ფერმერის იდეას. ასეთია შვეიცარიული აგრარული სკოლა "კავკასიას" პირველი კურსის თაობა.

სწავლა აქ 2021 წლის შემოდგომით დაიწყო და უკვე სექტემბერში დიპლომირებული ფერმერებისა და ყველის მწარმოებლების გამოშვებით დასრულდება. სტუდენტების მომავალი კონკრეტულად განსაზღვრული არ არის, თუმცა არიან თუ არა ფართე თვალსაწიერითა და ადაპტირებული ტექნოლოგიების ცოდნით შეიარაღებულები, ამაზე "ნაბეღლავი ჰოლდინგის" და სკოლა "კავკასიას" დამფუძნებელმა მიხო სვიმონიშვილმა ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ გამცა სარწმუნო პასუხი.

მისთვის სოფლის მეურნეობის სიყვარული 2000-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 500 სული მაღალპროდუქტიული ფურით დაწყებული ფერმერული საქმე უკვე თაობის გაზრდისა და განათლების გადაცემის ეტაპზე გადავიდა. დმანისში, შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად დაარსებული, პროფესიული სასწავლებელი სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების სწავლას დუალური, იგივე "სწავლა - კეთებით" მეთოდით. სვიმონიშვილის გუნდი გაჩერებას არ აპირებს, უახლოეს 10 წელიწადში მასწავლებლების გადამზადების ხელშეწყობას, სამეცნიერო ლიტერატურის სასკოლოდ ადაპტირებასა და 200-მდე კვალიფიციური კადრის გაზრდას გეგმავს. ამ მასშტაბის მოცემულობით, ქართული სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად წაიწევს წინ.

       

 

მე, მას 13 ივლისს, დმანისში ვესაუბრე. მიხო სვიმონიშვილთან ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს ბლოგზე Demetre Farms და “საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის” ვებ-გვერდზე.

რა საშუალებები აქვს ფერმერს შემოსავლის შენარჩუნებისთვის და გაზრდისათვის?

აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გვაქვს: ერთი, რომ უნდა გიყვარდეს და მეორე - ცოდნა უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, ამ დარგში, თუ არ გიყვარს, ძალიან რთულია საქმიანობა. ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა, სამწუხაროდ. შეხედულებები, რომლებიც არსებობს, ბევრმა თავის თავზე გადატეხა. ბევრს ეგონა, რომ იაფი სფეროა, რაშიც ვგულისხმობ, რომ დანაზოგით ფიქრობენ ვენახის გაშენებას, ბაღის გაშენებას. ბევრმა ეს შეცდომა დაუშვა. დიდ ენერგიას მოითხოვს და შენ თვითონ თუ არ შრომობ, ძალიან რთულია წარმატებასთან მიხვიდე.

ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ გუნდი, ვისთან ერთადაც იწყებ საქმის კეთებას?! სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულია გუნდურობა. მაინც, შენი უნდა იყოს, ოჯახის უნდა იყოს. რომ ავიღოთ შვეიცარია, სულ შვეიცარიის მაგალითები მომყავს, რადგან წარმატებულია ამ დარგში. იქ არ არის დიდი მეურნეობები და საქართველოშიც ვერ იქნება. მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, ბევრი პატარა ფერმერია, მაგრამ მთავარია რას დავარქმევთ ჩვენ, რა არის ეს, დიდი, პატარა თუ საშუალო, დეფინიციაც კი არ არის, ჰო? შვეიცარიაში თუ არ ვცდები 22 ძროხიანი ფერმა არის საშუალო. ანუ არ არის იქ 500 სულიანი ფერმები, არ აძლევს მიწა იქ ამის საშუალებას. მთავარია, ჩვენი რესურსის კარგად ცოდნა უნდა შეგვეძლოს. საქართველოს აქვს სულ სამი მილიონი ჰექტარი. აქედან მილიონ-ნახევარი ჰექტარი არის საძოვრები და სათიბები. მე ყოველთვის ვიძახი, რომ ღმერთმა რა რესურსიც მოგვცა, უნდა სწორად დავგეგმოთ ჯერ იმ რესურსის გამოყენება. ასე ნათქვამი არის, რომ “ზღვაში თევზი და მთაში ძროხა”, ერთმა ებრაელმა მითხრა. პირველ რიგში ეს რესურსი უნდა გამოიყენო. წალკიდან გადმოვედი თვალუწვდენელი მინდვრები გვაქვს და ამ დროს რძე შემოგვაქვს ჰო, ქვეყანას?! პირველ რიგში უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, რომ კერძო სექტორმა ეს რესურსი გამოვიყენოთ.

რა სჭირდება ბუნებრივ რესურსს ადამიანის მხრიდან, ასათვისებლად?


სახელმწიფოს როლი არის ძალიან დიდი სოფლის მეურნეობაში. შვეიცარიაში, მაგალითად, სადღაც 3 600 000 000 შვეიცარიული ფრანკი, დაახლოებით 4 მლრდ დოლარამდე ჯდება პირდაპირი დახმარება ფერმერობის, როგორც დარგის. მარტივ ენაზე რომ ველაპარაკო შენს მკითხველს, 4 მლრდ დოლარი არის სუბსიდირება და სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჯამურად შეადგენს 12-13 მლრდ აშშ დოლარს. ნახე, რა საინტერესო რაღაც არის. სახელმწიფო დებს ერთ დოლარს და ამ 1 დოლარით 4 დოლარის გამომუშავება ხდება. სახელმწიფო ხომ ჩვენ ვართ?! ჩვენი გადასახადია პირველ რიგში. ცნობიერება უნდა გავზარდოთ, რომ ჩვენი ფული მხოლოდ ჩვენ გვეხება. ფული უნდა ჩავაბრუნოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარგში, რომ ჩადებული ლარიდან გამოვიმუშავოთ გაოთხმაგებული, გაექვსმაგებული თანხა.

ჯამურად სახელმწიფოში ძალიან დეფიციტურია ეს ცოდნა. მაგრამ არის გარკვეული წინსვლები. მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და ხანდახან წავაწყდები ისეთ კარგ მეურნეობას, რომ ძალიან მოგეწონება. გაივლი გზაზე და შეხედავ, კარგი ბაღია, მოვლილი - ეტყობა, რომ მოსავალი აქვთ, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია. ერთეულები არის ქვეყანაში.

საერთოდ, ჩემი აზრია, რომ რასაც კარგად გააკეთებ, ყველაფერი შეიძლება მომგებიანი იყოს. აქ ვერ იტყვი ხრუშჩოვივით, რომ მოდი მარტო სიმინდი დავთესოთ, მაშინ როცა მთელმა საბჭოთა კავშირმა მონოკულტურა, სიმინდი დათესა. რასაც კარგად გააკეთებ, ცოდნით, აქვს შანსი რომ იცხოვროს.

როცა დაიწყეთ ამ სასწავლებელზე მუშაობა, მაშინ ვინ იყვნენ თქვენ გვერდით და შვეიცარიული მხარე რა ნაწილში ჩაერთო ამ სასწავლებლის მომზადებაში?

თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა პირველი თელეთის ფერმა. ჩამოვიყვანეთ 12-15 წლის წინ 500 სული გენეტიკურად განვითარებული ძროხა. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, მაგრამ მერე იმდენი პრობლემა დავინახეთ, ძალიან ბევრი თანხა დავკარგეთ. პარალელურად, 5 წლის წინ წავაწყდი შვეიცარიაში მოგზაურობის დროს სკოლას “პლანტაჰოფს”, რომელიც დღეს ჩვენი პარტნიორია და მაშინ, როგორც კი ისტორია ვნახე "პლანტაჰოფის" და გავეცანი პროფესიული განათლების სისტემას შვეიცარიაში, მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა პროფესიული სასწავლებლების განვითარება. 15 წლის წინ დავიწყე ეს ფიქრი და შეიძლება ითქვას, რომ ახლა იდგამს ფეხს.

თუ შეგიძლიათ შეაფასოთ, რა განსხვავებაა მაღალპროდუქტიული საქონლით ფერმერობასა და დღეს საქართველოში გავრცელებულ ფერმერობას შორის. რამდენად განსხვავებულია მათი მიდგომები და როგორ შეიძლება მათი ცნობიერების დაახლოება.?

მაღალპროდუქტიულობას ასეც ვერ იტყვი, უნდა გადავიდეთ ჩვენ მომგებიანობაზე. პირველ რიგში, რითიც დავიწყე, "ზღვაში თევზი, მთაში - ძროხა". შეიძლება მთაში 10 ლიტრს იწველიდეს ძროხა და შენთვის უფრო მომგებიანი იყოს, იმიტომ, რომ ბუნებრივი რესურსით კვებავ, ვიდრე 30 ლიტრიანი გყავდეს ბარში, აჭმევდე სილოსს და ის სილოსი გიჯდებოდეს ორჯერ მეტი, ვიდრე ის რძე გიტოვებდეს შემოსავალს. ანუ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მაღალპროდუქტიული საქონელი ძალიან კარგია, მაგრამ საბოლოოდ, მომგებიანობაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, რაზეც ჩვენც და სტუდენტებმაც უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ვერ გავხდებით ამერიკა, რომ 12 000 ლიტრი მოიწველოს საქონელმა, წლიურ ლაქტაციას ვგულისხმობ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომგებიანობაზე, რომ მთაში, ბარში სტუდენტი რომ სწავლობს, დაკავდეს სოფლის მეურნეობით და ისწავლოს, როგორ იშოვოს ფული ამ დარგიდან. ეს არის მთავარი.

  

ზოგადად, რა რისკები არსებობს ფერმაში მუშაობისას და ქართველი სტუდენტი როგორ შეხვდა ფერმერობის ტექნოლოგიური განვითარების შესწავლას?

ზოგი შეხვდა, ზოგი ვერ შეხვდა. მაგრამ, ამ სკოლას აქვს ძალიან შორს მჭვრეტელი მიზნები, ჩვენ ვამბობთ, რომ სულ ერთი სტუდენტი რომ დარჩეს, ვთქვათ წელს ან მომავალ წელს, ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ, რადგან ჩვენც ვსწავლობთ, ჩვენც ვვითარდებით, ჩვენც ვხედავთ ჩვენს შეცდომებს. მაგრამ რაღაცებს დრო სჭირდება გამოსწორებისთვის. შრომის კულტურა გვაქვს მისაღები, რომელიც არ ეხება მხოლოდ მესაქონლეობას, ფერმერობას ან ყველის წარმოების ქარხანას. ეს არის ძალიან დიდი პროცესი, მაგრამ ჩვენ ვართ ამაყები, რომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ამ სკოლაში და მე ვუყურებ, 10 წლის მერე რა იქნება. ძალიან დიდ, რთულ საქმეს შევეჭიდე, ასე რომ აბსოლუტურად წყნარად მივყვებით და გვაქვს ჩვენი გეგმები, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.

ფერმერობას Generation Business-ს ეძახიან. ეს თაობების ბიზნესია. ბაბუამ ვისაც დაუტოვა ტეხასში ფერმა დღეს ძალიან ბედნიერია.

ფერმერობა როგორ შედის სხვა საქმეებთან კონკურენციაში, როდესაც ახალგაზრდობა ირჩევს?

რა თქმა უნდა, მაგალითად IT სფეროს თუ აირჩევ, ვთქვათ, 100% რომ აიღო IT სფეროში, ახალ სიახლეს თუ შენ კომპანიას ქმნი, შეიძლება 10-მა ისე გაამართლოს, რომ ვერავინ ვერ შეედრება დღეს იმ შემოსავალს, მაგრამ 90 შეიძლება დარჩეს საერთოდ, აბსოლუტურ ნოლზე. სხვადასხვა სფერო არის. პირველ რიგში საქმეს რომ იწყებ, შენი ადგილის დედა გიყვარს, შენი ფესვები გიყვარს, მაგრამ ჩვენ რა გვინდა?! რომ ამ სიყვარულს შემოსავალიც დაემატოს, რომ ელემენტარულად შესაძლებელი გახდეს ამის გაკეთება, მდგრადობა შეინარჩუნოს და შემოსავალი ჰქონდეს, ოჯახი ირჩინოს. ჩვენი შეხედულებებით, იცი, რომ ჩვენ ბიზნეს მოდელები გვაქვს. მაქვს მე შედგენილი თავში, რომ 32 სულიანი ფერმით რომ დაიწყო, ვთქვათ 5-6 წელიწადში რა შემოსავალი შეიძლება წლიური მიიღო და რა არის ამისთვის საჭირო. ამაზე ადრეც ვთქვი, ბევრ დარგს შეიძლება გაუწიოს კონკურენცია და პლიუს იმ საქმეს აკეთებდე, რაც ძალიან გიყვარს და ეს თანხით არ ფასდება.

ამავდროულად, საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია საქართველოშივე როგორ პოზიციებს იმყარებს დანარჩენ კონკურენტ პროდუქციასთან შედარებით? დღეს მაღაზიაში რომ შეხვალ, მომხმარებელს ძალიან უჭირს გაარჩიოს, რომელი ქართულია, რომელი არ არის ქართული, ბევრს აწერია, რომ ქართულია, მაგრამ ამ დროს მაინც შემოტანილი პროდუქციაა. მაგალითად, შვეიცარია ძალიან იცავს თავის ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ WTO მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. ჩვენც ხომ შეერთებულები ვართ, საქართველო, შვეიცარიაც შეერთებულია, მაგრამ, მინუს აგრობიზნესი, ესაა საინტერესო შვეიცარიის. ანუ იცავს თავის წარმოებას. თუმცა, მე მაინც თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ, მაგრამ აქ უკვე გაყალბებასთან გვაქვს საქმე. თუ აწერია, რომ ქართულია და არ არის ამ დროს ქართულ ნედლეულზე დამზადებული, უკვე არანაირ თავისუფალ ბაზართან არ არის დაკავშირებული აქ უკვე გამყალბებლებთან გვაქვს საქმე და სახელმწიფომ უნდა მიხედოს.

ქვეყანა უფრო სწრაფად რომ წავიდეს წინ [უცხოური პროდუქტისთვის] რაღაც გარკვეული ბარიერები უნდა არსებობდეს. დიდი თემაა, მაგრამ შვეიცარიას აქვს ეს მაგალითად, რძის პროდუქტები შვეიცარიაში რომ შევიდეს აქვს ბარიერები, იმიტომ, რომ შვეიცარიისთვის რძის პროდუქტები არ არის მხოლოდ რძე და კარაქი, ეს არის მოსახლეობის შენარჩუნება, იქ დამაგრება, ეს არის ტურიზმის განვითარება. შესაბამისად, ამაზე უნდა გაიხსნას დისკუსია. ისე არავინ გაიგოს, რომ ბაზარს ვეწინააღმდეგებით, არაფერს არ ვეწინააღმდეგებით, რადგან ეს არის რაღაცები, რა დროსაც შენი ინტერესები უნდა დაიცვა.

თქვენ ნაწარმს სად გზავნით ექსპორტით, რომელ ქვეყანაში?

გააჩნია ახლა რომელ ნაწარმზეა საუბარი. მიდის ამერიკაშიც, უკრაინაშიც, გერმანიაშიც, უზბეკეთშიც, ყაზახეთშიც, აზერბაიჯანშიც, კანადაშიც და ა.შ. რომელია უფრო სარგებლიანი ჩვენი მეწარმისთვის, ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე იმუშაოს თუ საექსპორტო ბაზარზე?

ორივეზე, ასე ცალკე რომ თქვა, ვერ იტყვი. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს?! არ ვგულისხმობ, მხოლოდ რძეს და ყველს, მარნეულის ნაწარმს იგივე, რომელ საფასო კატეგორიაში შედის და როგორ უწევს ის კონკურენციას დანარჩენ პროდუქციას?

"მარნეული" არის ბაზრის ლიდერი. ვთქვათ, რომ ავიღოთ მჟავე კიტრი, სამწუხაროდ იმდენს ვერ ვაწარმოებთ, რასაც ბაზარი ითხოვს, რადგან არის გარკვეული პრობლემები მოყვანის კუთხით, მუშა ხელის კუთხით, მექანიზაციას რაც ექვემდებარება, იმას მექანიზაციით ვასრულებთ. ვთქვათ, ტვირთის მოტანას. სჭირდება 24 ადამიანი რომელიც კიტრის საჭრელ მანქანაზე იმუშავებს. აი 200-300 კაცი დღესაც, კონკრეტულად არის მინდორში და კრეფს. ამის გარდა, მოგვყავს ტომატი, პომიდორი უკვე მექანიზებულად, ერთი მანქანით აიღება და საშუალო საფასო სეგმენტში ვართ და იქ არ გვიჭირს კონკურენცია.

რაც უფრო მეტს შექმნი, მით მეტ ადამიანს პირდაპირ და არაპირდაპირ ასაქმებ, მეტ დოვლათს ქმნი ქვეყანაში. მეტ თანხას ტოვებ ქვეყანაში, ბევრად უფრო მეტად გაამყარებ ვალუტას, აი, ლარს და პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რაც უფრო მეტს შექმნი და რაც ნაკლებს შემოიტან იმპორტით, მით უფრო ნაკლები დოლარი გავა ჩვენგან. ზუსტად ასეთმა ქარხნებმა უნდა შეძლოს ეს. ასე არ შეიძლება, ჩვენ თვითონ უნდა გავამყაროთ ვალუტა, ჩვენ თვითონვე უნდა შევქმნათ ქვეყნის დოვლათი. ეს თუ ვერ შევძელით ჩვენ ვერც დასაქმებაზე ვერ ისაუბრებ და ვერც რაღაც მნიშვნელოვანზე.

საინტერესოა, ამის შემდეგ, როგორ აფასებთ დღეს საქართველოს სასურსათო დახლს?

რამდენად არის იქ წარმოდგენილი იქ ქართული პროდუქცია, შესაბამისი რაოდენობით და ხარისხით და საერთოდ, როგორ ახერხებს ჩვენი სახელმწიფო, რომ ქართულ პროდუქციას უფრო მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს.

იზრდება ეს დახლი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ იმპორტირებული უფრო მეტი არ იყოს. მაგალითად, თუ მოვიტანთ ხორც პროდუქტებს, ძალიან ბევრი პროდუქტია შემოტანილი ხორცისგან დამზადებული. მე ძალიან მიხარია, რასაც “ბიუ  ბიუ” აკეთებს, მიხარია, ქართველი ვარ და მიხარია. ხორბალიც აქ მოჰყავს, სიმინდიც აქ მოჰყავს, ქათამსაც აქ ზრდის ჰო? ძალიან მიხარია, არანაირი შეხება არ მაქვს პირადად მე, მაგრამ მიხარია. ეს არის სამაგალითო პროექტები.  

როდესაც ასეთ პროექტებზე და პროექტის იდეებზე არის ფიქრი და ამბობთ ამის შესახებ, თქვენი თანამოაზრეები როგორ ხვდებიან და პირველ რიგში რას აკეთებენ ხოლმე ამ იდეის განსახორციელებლად?

იდეას ყველა დადებითად ხვდება, მაგრამ განხორციელება ცალკე საკითხია. საერთოდ, გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. თუ გინდა, რომ სწრაფად განხორციელდეს შენ უნდა აიღო რისკი შენ თავზე. სისწრაფე გვჭირდება. გუნდი 24 საათს უნდა მუშაობდეს ჰო?! ასევე გადაწყვეტილებებშიც. შეიძლება 10 გადაწყვეტილება მიიღო და რაღაც არასწორი იყოს, მაგრამ მაინც მგონია, რომ წინ უნდა ვიმოძრაოთ. თორემ არის, ხომ იცით, დასხდებიან ხოლმე ერთი წელი და ერთი პატარა საკითხიც ვერ წყდება. საინტერესოა პროექტების შესწავლაც. შეიძლება ერთ პროექტს სწავლობდე და ამ დროს ისეთმა რამემ იჩინოს თავი, რომ საერთოდ ახალი იდეა გაჩნდეს.

ერთიც, მაინტერესებს ვინ იმუშავა ამ სკოლის დიზაინზე, ფერმის არქიტექტურაზე, საწარმოს შენობაზე. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, საიდან მოიძიეთ?

ნიკა გაბისკირია იყო, სტუდენტი რომლისთვისაც პირველი შენობა იყო ეს. დაამთავრა არქიტექტურული, ჩვენთან ნაბეღლავში დიზაინს გვიკეთებდა, გავიგე რომ არქიტექტურული აქვს დამთავრებული და მომწონდა მისი სხვა ნამუშევრები, არა არქიტექტურაში. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ახალგაზრდული სული ჰქონდა ამ შენობასაც. არის ბევრი ისეთი რამ რაც შეიძლებოდა უკეთესად გამოსულიყო, იქ ვენტილაცია თუ ფანჯრები, ვხედავთ ხან ბზარს მაგრამ ისე არის, რომ ჩვენ დავიწყეთ, შემდეგი შენობები კი იქნება უკეთესი. ორ წელიწადში კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მერეც, იმედი მაქვს, რომ მობრძანდებით თქვენ და უნდა ვიმეგობროთ. ეს არის ძლიერი ჯგუფი. ამას უნდა დაერქვას ძლიერი ჯგუფი იმ ფერმებისა და საწარმოების, რომლითაც ვიქნები ამაყი. დღეს არაფერი საამაყო არ მაქვს, დღეს არის პროცესი, რომელიც არის დაძრული და ჩემ თავს შევაფასებ მერე. დღეს არანაირ პრეტენზიებს არ ვიღებ. ყველას ვეტყვი, რომ 10 წლის შემდეგ შეაფასონ ჩემი ნაშრომი.

დემეტრე ერგემლიძე