AGAJ მექსიკის აგრარულ მიღწევებს გაეცნო

რუსუდან გიგაშვილი

 

მსოფლიო აგროჟურნალისტთა ფედერაციის (IFAJ) და მექსიკის აგროჟურნალისტთა და კომუნიკატორთა გილდიის (AMEXMA) ორგანიზებით საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ)  მონაწილეობდა აგროპრესტურში, რომელიც 23-27 თებერვალს მექსიკაში, ხალიკოს შტატში გაიმართა. ამავე ღონისძიების ფორმატში ჩატარდა IFAJ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაც.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია არის IFAJ-ის წევრი. ასევე, წარმოდგენილია აღმასრულებელ კომიტეტში.

პრესტურში მსოფლიოს 18 ქვეყნიდან აგროჟურნალისტები და აგროკომუნიკატორები მონაწილეობდნენ,  რომლებიც 5 დღის განმავლობაში ადგილზე გაეცნენ მექსიკის სოფლის მეურნეობის, აგროინდუსტრიის და აგრარული ტექნოლოგიების მიღწევებს, საუკეთესო პრაქტიკებს.

ვიზიტი მექსიკის გიგანტთან

PROAN - უმსხვილესი შერეული ინდუსტრია, რომელსაც რომოების ოჯახი 1954 წლიდან მართავს. დაიწყო 500 მეკვერცხული ქათმით და დღეს არის მსოფლიო ლიდერების სამეულში საინკუბაციო კვერცხის წარმოებაში. აქვს საკვები კვერცხის წარმოებაც.  ცალკე უდიდესი მიმართულებაა მეცხოველეობის ხაზი: 12 000 მეწველი ჰოლშტეინი; 6 000 დიუროკის ჯიშის ღორი (წელიწადში 300 000 ტ); 80 000 ცხვარი; 20 000 - ანგუსი. აქვს საკუთარი სასაკლაოები და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები; საკვებწარმოება (10 000 ტონა სთ-ში), რომელსაც სრულად მოიხმარს. აწარმოებს კომპოსტს, შესაფუთ მასალებს. პროანს საკუთარი ელექტროენერგიის წყაროც აქვს -  ბიოგაზის დანადგარებით გამოიმუშავებს ინდუსტრიისთვის საჭირო ელექტროენერგიის დიდ ნაწილს. PROAN ასევე, ცნობილია საკუთარი პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო და ნაყინის წარმოებით.

ინდუსტრიაში დასაქმებულია 10 000-დან 15 000- მდე ადამიანი.  პროანს არასდროს უსარგებლია სახელმწიფო სუბსიდიებით, არც გრანტით!

მეცნიერება ბიზნესისთვის

ჟურნალისტები სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც გაეცნენ. მექსიკაში სამეცნიერო კვლევების დიდი ნაწილი კერძო სექტორის ბაზაზეა. Bayer -ის კვლევით ცენტრში ძირითადი სამეცნიერო ბირთვი 25-დან 35 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერია. ეს ცენტრი ძირითადად მარცვლეულის მიმართულებით მუშაობს და მსოფლიოს 27 ქვეყანას ემსახურება. 7 ასეთი კვლევითი ცენტრია მექსიკაში, რომლებიც კონკრეტულ კულტურებზე მუშაობენ და ახალი ჰიბრიდები გამოყავთ.

ფაროსანას შემდეგ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მტერი და მავნებელი დროზოფილა სუზუკია. ეს პრობლემა საქართველოს მსგავსად აწუხებს მექსიკისაც. ფერმერები და მეცნიერები მასთან ბრძოლის ქიმიური მეთოდების გარდა,  ბიოლოგიურ გადაწყვეტებზეც მუშაობენ. ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევარები ორგანულ საშუალებებს ქმნიან. ამბობენ, რომ მათი მეთოდებით ბიოლოგიურად ჯანსაღ მოსავალს მიიღებენ და ჯანმრთელობის პრობლემებიც ნაკლები იქნება.

ჯგუფის წევრებს ქონდათ შეხვედრა სინჯენტასთან, სადაც გაეცნენ  აგრარული ტექნოლოგიების ახალ გადაწყვეტებს, მხარდამჭერ პროგრამებსა და სერვისებს ფერმერებისთვის!

ავოკადო - მექსიკის მწვანე ოქრო

ჟურნალისტებს საშუალება ქონდათ ავოკადოს პლანტაციებს მექსიკის უდიდეს მწარმოებელთან გაცნობოდნენ. ფერმერს ერთ ჰა-ზე მოყავს 25-35 ტონა. მისი ძირითადი ბაზარია აშშ და კანადა. გავრცელებული ჯიშები: ჰასი, მენდესი და ჰასმენდესი.

ფერმერებს ავოკადოს ექსპორტი კოოპერაციის გარეშე უჭირთს. ამიტომ ისინი თანამშრომლობენ Los Cerritos- თან, რომელიც ავოკადოს და კენკრის სექტორში უმსხვილესი კომპანიაა. ის,  თავის მხრივ, დიდი კორპორაციის წევრია. Gropo Aguavetero ავოკადოს და კენკრის საწარმოო ჯაჭვში მონაწილე 10 კომპანიის გაერთიანებაა - პირველადი წარმოებითა და სასაწყობო მეურნეობებით დაწყებული, დისტრიბუტორი, შესაფუთი მასალების და აგროქიმიკატების კომპანიით დამთავრებული. ის წელიწადში 17 მლნ ტონა ავოკადოს აწვდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. ავოკადო მისი საქმიანობის 70%-ია. დასაქმებული ჰყავს 2500 ადამიანი. კორპორაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საბრუნავი საშუალებები ძალიან გაძვირდა, ასევე, გაიზარდა წარმოების ხარჯები, ამიტომ დაიწყეს რესურსების მაქსიმალურად გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფოს მხრიდან არ აქვთ სუბსიდია ან რაიმე ტიპის შეღავათი.

Los Cerritos არის შემგროვბელი კომპანიაც, მას დაკონტრაქტებული ჰყავს მცირე ფერმერები, რომლებისგანაც იბარებს ავოკადოს. საკუთარი წარმოება 60% , ფერმერების - 40%. იმისთვის, რომ პროდუქტი იყო ერთგვაროვანი, მაღალი ხარისხის და ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისი, კომპანიის 500-ზე მეტი ექსტენციონისტი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ფერმერებთან სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. ყველა ხარჯს Los Cerritos ფარავს.

ტეკილა - მექსიკის სავიზიტო ბარათი

პრესტურის ყველა საინტერესო და ეგზოტიკური ნაწილი ტეკილის მუზეუმებსა და საწარმოებში ვიზიტი იყო. ასევე, აგავას პლანტაციაში.

ტეკილა მექსიკელების სავიზიტო ბარათია, სპეციალური სასმელი, რომელიც ცისფერი აგავის დისტილაციით მიიღება. ტეკილას ისტორია VIII საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც ინდიელების ერთ-ერთმა ტომმა აგავისგან რძისფერი, ქაფიანი, 4-დან 6 გრადუსამდე სიძლიერის წვენის გაკეთება ისწავლა. ლეგენდის თანახმად, ინდიელებმა ამ ნაყოფს დამოუკიდებლად კი არ მიაკვლიეს, არამედ ამაში ღმერთი დაეხმარათ. აგავის ნაყოფს მეხი დაეცა და იგი ორ ნაწილად გააპო, მისი გულიდან ნექტარი გადმოიღვარა. მექსიკელებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ამ მცენარეში „ღმერთის წყალობა“ იმალებოდა. როგორც კი ამის შესახებ შეიტყვეს, ნექტარის გამოყენება დაიწყეს. დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი წვენი სასმელად იქცა. მოგვიანებით, აგავა 400 მკერდიან ქალღმერთთან მაიაელთან გააიგივეს, ხოლო მის მთავარ ვაჟად ომე ტოჩტლი შერაცხეს, რომელსაც სასმელის, პულკეს ღმერთად მიიჩნევდნენ. დიდი ხნის განმავლობაში პულკე ერთადერთ მექსიკურ ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენდა. ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ესპანელებმა სპირტის გამოხდის ევროპული ტექნოლოგიები არ შემოიტანეს.

ამ სასმელისთვის ოქროს ხანად XIX საუკუნის დასაწყისი იქცა, როდესაც იგი ამერიკელებმა აღიარეს, ხოლო მწარმოებლებმა მისი ევროპაში ექსპორტი დაიწყეს. ამ სასმელის ტეკილად წოდების უფლება მესკალის სახელს დაუკავშირდა, რომელსაც ხალისკოს შტატში, ქალაქ ტეკილას მიდამოებში აწარმოებდნენ. არსებობს ე.წ. ცისფერი აგავა, რომელიც 7-10 წელს აღწევს და სიცოცხლეში ერთხელ ყვავის. მის შუაგულში განთავსებულ ტკბილ სითხეს ხდიან და ფილტრავენ. სწორედ ამის შემდეგ იწყება ტეკილას განსაზღვრულ სტანდარტებად დაყოფა. ნამდვილ ტეკილად 100%-იანი ცისფერი აგავის ნაყოფისგან მიღებული სასმელი ითვლება. ერთი ლიტრის დასამზადებლად საჭიროა 80-დან 300 კგ-მდე აგავის ნაყოფი.

ტეკილას აქვს 18 წარმოშობის დასახელება და 5 კატეგორია. ცისფერი აგავა მხოლოდ მექსიკის 5 შტატშია მოყავთ. ყველაზე მეტად კი ის ხალისკოს შტატში ყვავის, სადაც ცისფერი აგავის პლანტაციებშიც ვიყავით და საწარმოებშიც.
2022 წელს აგავა 450 000 ჰა-ზე გაშენდა, დამზადდა 5 მლნ ლიტრამდე. ტეკილას აწარმოებს 150-მდე ინდუსტრიული საწარმო, რომელთა დიდი ნაწილი კონკრეტული კონტრაქტების და მოთხოვნების საფუძველზე იბარებს ფერმერებისგან ცისფერ აგავას. 90 000 ოჯახი ამ ჯაჭვზეა დამოკიდებული. ტეკილა გადის მსოფლიოს 120 ქვეყანაში.

ხაიკოს შტატშია ტეკილას მარეგულირებელი საბჭოც (CRT). ის აკრედიტებულია, როგორც ინსპექტირების და სერტიფიცირების ინსტიტუტი. აქვს წარმომადგენლობა აშშ-ს რამდენიმე შტატში, კანადაში, ევროპაში, ჩინეთში. ტეკილას ინდუსტრიიდან ბიუჯეტში წლიურად შედის 10 მლნ.

შეხვედრა მინისტრთან

ხალიკოს სოფლის მეურნეობის და რეგიონალური განვითარების მდივანი (იგივე მინისტრი), ანა ლუჩია კამაჩო სევილა ჟურნალისტებს ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი შეხვდა. როგორც თავად ამბობს, რაც ამ პოზიციაზეა, ახალგაზრდების აგრარულ სექტორში ჩართულობისთვის და პროფესიების პოპულარიზაციისთვის უამრავი აქტივობა მიმდინარეობს. მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ყოველდღიური მუშაობა, ასევე, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ეკონომიკის და კულტურის სამინისტროებთან ერთობლივი და კოორდინირებული, გრძელვადიანი ინტერვენციები აქვთ. საინტერესოა, რომ მან გააუქმა ბევრი აგრარული სუბსიდია. მხარდამჭერი პროექტები ძირითადად, სტანდარტების და სერტიფიცირების, ასევე, ტექნოლოგიების მიმართულებით დატოვა.

განსაკუთრებულად ეხმარება ექსპორტის მიმართულებას და თვლის, რომ მექსიკამ კარგი შედეგები დადო, თუმცა მეტი შეუძლია და მისი როლია ამაზე იმუშაოს.

როგორც აღმოჩნდა, მექსიკის სოფლის მეურნეობა და აგროსექტორი თავისი დინამიკით და მრავალფეროვნებით საკმაოდ მაღალი განაცხადისკენ მიისწრაფის. ცხადია, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ისეთი მონდომებულია დარგში ჩართული ახალი თაობა, რომ ბევრ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პრობლემებს გადაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ ბევრ წამყვან პოზიციებზე აგრარულ სექტორში (მთავრობა, მეცნიერება, ბიზნესი) ქალები დომინირებენ. 18 ქვეყნის აგრომედია მექსიკის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სხვანაირად გულშემატკივარი დაბრუნდა.