ქალების საქმე ფერმერული განვითარების ამ ეპოქაში - პოსტი VI

დემეტრე ერგემლიძე

 

ქალები საქართველოს სოფლის მეურნეობაში, როგორც მოსალოდნელია, დასაქმებულთა ძალიან მცირე რიცხვს შეადგენენ. უფრო ზუსტად, ფერმერთა ასოციაციის ანალიტიკას მოვიშველიებ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მეურნე პირების 32.2%-ია ქალი, მათ მფლობელობაშია სასოფლო სავარგულების 20.7%, ისინი საშუალო ხელფასის ოდენობით კაცებს თითქმის 1/3-ით ჩამოუვარდებიან, მათი საშუალო თვიური ხელფასის ოდენობა 629 ლარია, როდესაც იგივე სექტორში მამაკაცებს საშუალოდ 900 ლარს უხდიან.  

შთამაგონებელ ლიდერებად იქცნენ მეღვინეობასა და მეთხილეობაში კარგი ფერმერები მარიკა კოდუა და ბაია აბულაძე. მათ უკვე რამდენიმე წელია ამ წრეში იცნობენ. ენდობიან შემსყიდველები და მათი იდეებით დაინტერესებულები უკვე არაერთი ქვეყნიდან უკავშირდებიან, სთხოვენ დახმარებას, გასაუბრებას, პროდუქციის ყიდვას ან გუნდში მიღებას. წლებია ისინი შრომობენ და მეტად ავითარებენ სასოფლო-სამეურნეო კავშირებს.  

ბაია იმერეთის სოფელ ობჩაში ცხოვრობს. ოჯახთან ერთად ტრადიციულ ღვინოს აყენებს. მისი ვენახის ფართობი 6 წლის წინ 3.5 ჰექტარს შეადგენდა, ახლა კი უკვე 18 ჰექტარი აქვს, რაც იმერული ცოლიკოურითა და ციცქას მიმართ ინტერესითაა გამოწვეული. წარმოების ზრდა და გუნდის განვითარება ბაიას დიდი დამსახურებაა. მან წლების განმავლობაში საერთაშორისო გამოფენებზე, საქართველოს მეღვინეობის წრეებში, ინტერნეტის გვერდებზე თუ მარკეტინგულ კამპანიებში აქტიურობით "ბაიას ღვინოს" სახელი გაუვრცელა და ჩვენ, მისი მომხმარებლები იმედგაცრუებული არ დაგვტოვა, რადგან უკვე წლებია მდგრადობას ინარჩუნებს.

ბაიამ მითხრა, რომ წარმატებას ოჯახს უმადლის. ადამიანებს, რომლებიც მისი საქმის ერთგული და განვითარების მოსურნეები არიან. მათ ბევრი რამ მიუძღვნეს ამ საქმეს: მიიღეს სპეციალიზებული განათლება. ბაიას ძმა, გიორგი ენოლოგიას სწავლობს, დას, გვანცას კი თავისი სახელობის ღვინო აქვს. მშობლები იმერეთისთვის დამახასიათებელი სიდინჯითა და გულისხმიერებით გამოირჩევიან და ალბათ ამიტომაცაა მათი ღვინო სასიამოვნო, ყველასთვის საინტერესო და მისაღები - როგორც ქართული სივრცისთვის, ისე საექსპორტო ქვეყნებისთვის. საგამოფენო სივრცეებში ღვინის წარდგენას დიდ დროს უთმობენ, ხშირად არიან საერთაშორისო ღონისძიებებზეც.

მარიკა კოდუა რამდენიმე წელია მეთხილეობას მისდევს. მისი ოჯახის თხილის ბაღს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ფერმერების კონსულტირებითა და მათი დახმარებით გამორჩეული მარიკა დიდმა კომპანიამ, იტალიურმა "ფერერომ" შეამჩნია და თავის გუნდში პარტნიორ ფერმერთა კონსულტირების საკითხი ჩააბარა. უკვე ორი წელია ოთხ სპეციალისტთან ერთად მუშაობს და ფერმერთა მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც მათი შემოსავლების ზრდაზე ზრუნავს.  

"ჩვენი რჩევა არის რეკომენდაციის სახით და ფერმერები ვალდებული არ არიან, რომ შეასრულონ. შეიძლება საერთოდ არ დაგვიჯერონ არაფერში, მაგრამ მაინც კარგი ხარისხის თხილი მოიყვანონ და ჩვენ მოგვყიდონ. არ იზღუდებიან.

ფერმერი იღებს გაცილებით მაღალ ანაზღაურებას. ჩათვალე, რამდენიმე ლარით უფრო მეტს ფერეროს ხარისხით მოყვანის შემთხვევაში. კომპანიას დათვლის მექანიზმიც სხვანაირი აქვს, ფერმერიც მოგებული რჩება და კომპანიაც მოგებული რჩება, იმიტომ, რომ მას აქვს საშუალება, შეიძინოს იმ ხარისხის ნედლეული, რომელიც მას სჭირდება და შოკოლადში გამოიყენოს.

მე ფერმერებს რჩევებს ისედაც ვაძლევდი, თუმცა ახლა უფრო პროფესიულად ვაკეთებ და ვთვლი, რომ უფრო განვვითარდი, რადგან მეტი შეხება მაქვს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული, რადგან წვდომა მომეცა ინფორმაციაზე, რომელიც ამ კომპანიას აქვს დაგროვებული. მე თვითონ გავიზარდე, როგორც პროფესიონალი ამ მიმართულებით", - მითხრა მარიკამ.  

ქალი სოფლის მეურნეობაში ადგილის დამკვიდრებამდე რთულ გამოცდებს გადის. მას ბევრი რამის მტკიცება სჭირდება, ვიდრე მამაკაცებს იგივე პოზიციაზე. საკუთარ თავში დარწმუნება, საკუთარივე ძალის შეგრძნება და შემდეგ ამით ასპარეზზე გამოსვლა რისკიანი პროცესია. გიწევს ირწმუნო და სხვებიც დაარწმუნო, რომ შეგიძლია იყო პროფესიონალი, გყავდეს გუნდი, მართავდე პროცესებს და იღებდე პასუხისმგებლობას მოვლენებზე, რისი განჭვრეტაც მეტად რთულია. სოფლის მეურნეობის დარგი შრომატევადი და რისკიანია, ტრადიციულ კავკასიურ მენტალობაში კი გადაწყვეტილების მიღების ტვირთი ხშირად კაცებს აწევთ. ამ საზოგადოებაშიც ქალის მმართველობა საკვირველი საკითხია. მართალი ერთი რამეა, სქესის განურჩევლად, პროფესიული ზრდა ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. წარმატება ხომ მის შემხედველს ძალაუნებურად გაბედნიერებს, რადგან თანამონაწილედ გაქცევს და შენც გიჩვენებს გზას, როგორ შეიძლება გაიუმჯობესო საქმე და ქცევა.  

ბაიას საქმის შემთხვევაში, გუნდის გაზრდის იდეა გამოჩნდა. ის მალევე აღსრულდა და ახლა ახალგაზრდა თანასოფლელებით, უცხოელი აგრონომებით, მცოდნე კონსულტანტებითა და ღვინის მოყვარული ტურისტებით დაკომპლექტებული ჯგუფები უკვე მთელი სეზონის განმავლობაში ვენახებსა და მარანში მუშაობენ. მწვანე ოპერაციებში ტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა ერთვება, იმერული სოფლიდან  ღვინო ექსპორტზე 17 ქვეყანაში გადის და ამასთან, წარმოების 30-40%-ს ქართველი მომხმარებლისთვის ინახავს. ასე სრულდება წელიწადი. მომდევნო სეზონს კი "ბაიას ღვინო" უფრო დინამიკურად, წინა წლის შედეგების გაუმჯობესებით გაჰყვება ხოლმე.

"ჩვენ ერთად ვიზრდებით, ერთად ვსწავლობთ მუშაობას ამ ტექნიკებზე, რაც გვაქვს. ჩვენი გერმანელი აგრონომი რომ ჩამოვიდა გასულ წელს ზაფხულზე, რომ დაგვინახა ეს გამხდარი, პატარა, ტანად არც ისე დიდი ხალხი, ცოტა არ იყოს, ხელი ჩაიქნია. ეს ის საქმე არ არის, რომელსაც ძალა არ სჭირდება. მერე დარწმუნდა, რომ ერთად მუშაობა ვიცით, ვის რა შეგვიძლია იმას ვაკეთებთ და კარგად ვმუშაობთ. ბევრი რამ გვასწავლა ამის მერე ამ კუთხით", - მითხრა ბაიამ ინტერვიუში.

გუნდის განვითარებაზე, გარშემო ფერმერების შემოკრებასა და მათთან შედეგიანი კონსულტირების მნიშვნელობაზე მარიკა კოდუამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მითხრა. როგორც ჩანს, მისთვის ასაკობრივი და გენდერული ზღვარი ყოველთვის არსებობდა უფროს ფერმერებთან ურთიერთობის დროს. მარტივია, მოუსმინო გამოცდილ აგრონომს, თუმცა ახალგაზრდა გოგონასთან ურთიერთობა მეთხილე ფერმერების დიდ ნაწილს ეუცხოვა. "ასეთი რამ უფრო მცირე ფერმერებს ახასიათებთ", - მითხრა მარიკამ. მისი თქმით ფერმერები, რომლებიც უკვე მსხვილ ფართობებს უვლიან და ამ საქმით ბიზნესს აწარმოებენ, ასე, სტერეოტიპულად იშვიათად აზროვნებენ.  

"ახლა უკვე სადაც ვმუშაობ, ისე მოხდა, რომ ოთხი ადამიანია ჩემს დაქვემდებარებაში და ოთხივე მამაკაცია. ასე მოხდა, სპეციალურად არ აგვირჩევია. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ერთმანეთში გვაქვს მეგობრული დამოკიდებულება და არცერთს აქვს იმის განცდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება რამეში სუსტია ან სუსტად შეილება აღმიქვან. ალბათ ეს უფრო დამოკიდებულია პიროვნებაზე და იმ გარემოზე, სადაც იზრდები. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემმა ოჯახმა შემიქმნა ის გარემო, ის სოციალური წრე, სადაც გარკვეულწილად იყო პატრიარქალური სტანდარტები, მაგრამ ჩემი ოჯახი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ სტერეოტიპების მსხვრევა შესაძლებელი ყოფილიყო. მქონდა ყოველთვის ასეთი გარემო, ამიტომაც, გადაწყვეტილების მიღების დროს არასდროს მქონია იმის განცდა, რომ ქალი ვარ და რამის შეიძლება შემეშინდეს" , - მითხრა მარიკამ.  

მისთვის საქართველოს ფერმერული მომავალი საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდასთან ასოცირდება. კაკლოვანი კულტურების მიმართ მზარდი მოთხოვნაც კარგად ესმის და ისურვებდა, რომ ევროპისთვის ამერიკიდან მიწოდებულ ნუშზე უფრო სწრაფად საქართველოდან მიწოდება იყოს შესაძლებელი.  

"ბაიას ღვინის" მიმართ საექსპორტო ბაზრების მოთხოვნა ხარისხიანი პროდუქტია. მისი შემქმნელები კი სწორედ ხარისხს უმადლიან შენარჩუნებულ მყიდველს და საერთაშორისო პარტნიორებს. ობჩის სტუმრებიც ამიტომ ჩამოდიან, ნახონ, როგორ აყენებენ იმერეთის ერთ მშვენიერ სოფელში ქართულ ღვინოს.  

"ჩვენი მთავარი მიზანია ის, რომ კარგი ღვინო შევქმნათ და მერე ყველაფერი თავისით მოდის. ძალიან ბევრ სტუმარს ვმასპინძლობთ ხოლმე ობჩაში ღვინით დაინტერესებულს. ზოგი ღვინის მწერალია, ზოგი ღვინის გამყიდველი და ა.შ. ვიტყოდი, ჩვენს ქვეყანას აქვს საუკეთესო პერიოდი ცნობადობის კუთხითაც, ინტერესის კუთხითაც და ჩვენხელა მწარმოებლებს აქვთ საშუალება, გაიტანონ უცხოურ ბაზარზე ღვინოები", - ამბობს ბაია.  

იმერეთის სტუმრებს და სამეგრელოს მეთხილე ფერმერებს ორი ფერმერი ქალის გარემოცვაში ყოფნის ბედნიერება აქვთ. ისინი არიან ქართული ფერმერობის ამ ეტაპის გამორჩეული მეწარმეები, რომლებსაც წარმოების ზრდის დიდი ნაბიჯები ჯერ კიდევ ელოდებათ. საკმაოდ საინტერესო გასული წლების შემდეგ განვითარების დინამიკით ვხვდები, რომ ბაიაც და მარიკაც რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო სასურველი რესპონდენტები გახდებიან, რადგან მათი წარმატების გზა ფართე მასშტაბს იძენს, სასოფლო-სამეურნეო განვითარების ხედვა კი მსხვილი მწარმოებლების გვერდით იჩენს თავს.  

საქართველოს ფერმერული მომავალი უკავშირდება ადამიანებს, რომლებმაც ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ ძალიან მოუნდათ საჭირო საქმის კეთება. მათ მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, თანამოაზრეებმა მხარი დაუჭირეს და მისცეს საშუალება, გადაეგორებინათ ურემი, რომელიც სავალ გზას მანამდე მოუხეშავად ხერგავდა.