იზმირში საერთაშორისო აგროჟურნალისტებისთვის პრესტური გაიმართა
15-18 დეკემბერს თურქეთის აგროჟურნალისტთა გილდიამ (TAGYAD) იზმირში საერთაშორისო აგროჟურნალისტებს უმასპინძლა და მათთვის პრესტური გამართა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 10 ჟურნალისტი თურქეთის აგრარულ მიღწევებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნულ ტურში საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) წევრებიც მონაწილეობდნენ.
აღნიშნული ტურის ფარგლებში აგროჟურნალისტიკის გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზეც გაიმართა შეხვედრა. მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მათ ქვეყნებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასურსათო უსაფრთხოებას, კვების ინდუსტრიას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიის წარმოებას. შესაბამისად, გაიზარდა აგროჟურნალისტიკის როლი და მნიშვნელობა. ასევე, რუსერთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაამწვავა სურსათზე ხელმისაწვდომობის საკითხი. „ახლა მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის დარგობრივმა მედიამ ერთად და კოორდინირებულად ვიმუშაოთ, განსაკუთრებით რეგიონში მეაზობელმა სახელმწიფოებმა, რათა დროულად ვუპასუხოთ გამოწვევებს“ - აღნიშნეს მედიის წარმომადგენლებმა. სხვადასხვა ქვეყნის გილდიებმა და ასოციაციებმა 2023 წლის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ იზმირში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებს, მათ შორის: მერძევეობის ფერმას, სასათბურე მეურნეობას, თევზმომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოს და სხვ. საერთაშორისო აგროჟურნალისტები შეხვდნენ სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციების წარმომადგენლებს, მეცნიერ-მკვლევარებს, ეკონომისტებს და დარგობრივ ასოციაციებს.