ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირება აკრძალულია
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის თანახმად, პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რისთვისაც უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. რეგისტრაციის ვადა არის 1 წელი, რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის გაუქმებას.
რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია და იწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.