ანტალიამ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების აგრო ჟურნალისტთა ფორუმს უმასპინძლა
თურქეთის ქალაქ ანტალიაში მსოფლიოს 22 ქვეყნის 35-ი ჟურნალისტი „ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების აგროჟურნალისტთა ფორუმს“ დაესწრო, მათ შორის ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) წევრები არიან. ღონისძიება საერთაშორისო აგროჟურნალისტთა ფედერაციის (ifaj), თურქეთის აგროჟურნალისტთა გილდიის (TAGYAD) და მსოფლიოს უდიდესი სასათბურე მეურნეობების საგამოფენო კომპანია Growtech-ის მხარდაჭერით 4-8 ნოემბერს გაიმართა.
ფორუმის მიზანი, ერთის მხრივ, აგრო მედია სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, აგროჟურნალისტთა ასოციაციების განვითარების სტრატეგიულ გეგმებზე მსჯელობა და მეორეს მხრივ, თურქეთის, კერძოდ, ანტალიის სოფლის-მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწყვევებზე დისკუსიის გამართვა და სასათბურე მეურნეობების მონახულება იყო.
აგროჟურნალისტები და პროფესიული ასოციაციების განვითარება
ფორუმი საერთაშორისო აგროჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტმა ოუენ რობერტსა გახსნა. ორგანიზაცია 5,000-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს მსოფლიოს 50 ქვეყანიდან პრესის თავისუფლების დაცვის იდეით.
“აგროჟურნალისტები არიან ის კომუნიკატორები, რომლებიც ავრცელებენ უახლეს ცნობებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ჩვენი, როგორც ფედერაციის მიზანია მათი პროფესიული უნარების განვითარება, რათა ფერმერთა სტაბილურ ინფორმირებას შევუწყოთ ხელი“, განაცხადა ოუენ რობერტსმა. „საერთაშორისო აგროჟურნალისტთა ფედერაციის წევრობა ნიშნავს, რომ შენ ხარ ჟურნალისტთა დიდი ოჯახის წევრი, სადაც ათასობით ჟურნალისტია გაერთიანებული.“
„აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ძლიერია მაშინ, როდესაც მისი წევრი გილდიები არიან ძლიერები,“ განაცხადა რობერტსმა. ფორუმზე, აგროჟურნალისტებმა იმსჯელეს აგროჟურნალისტების საჭიროებებზე და როგორ შეუძლია ფედერაცია დაეხმაროს, როგორც ინდივიდუალურ ჟურნალისტებს, ასევე აგროჟურნალისტთა ასოციაციებს.
აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია სამომავლოდ გეგმავს ფონდად ფორმირებას. ამისათვის პროცედურები უკვე დაწყებულია და 2020 წლისთვის დასრულდება.
„ფედერაციის ფონდად გარდაქმნა შესაძლებლობას მოგვცემს დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსური მხარდაჭერა მივიღოთ. დაფინანსება კი ხელს შეუწყობს მეტი აქტივობის განხორციელებას აგროჟურნალისტთა დასახმარებლად მსოფლიოს მასშტაბით,“ განაცხადა ფედერაციის გლობალურმა მენეჯერმა ჰიუ მეინარდმა.
ფონდად ჩამოყალიბების შემდეგ, ჰიუ მეინარდის თქმით, გეგმავენ სასერტიფიკატო კურსების დაფინანსებას იმ სტუდენტებისთვის ვინც ჟურნალისტიკაზე სწავლობს, მაგრამ არ აქვს სოფლის-მეურნეობის დარგის ცოდნა. ასევე, იგეგმება აგროჟურნალისტებს დაუფინანსონ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა. ამასთან, პროფესიული განვითარების კურსებს შესთავაზებენ მედიის წარმომადგენლებს.
აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ერთადერთი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელიც ფოკუსირებულია აგროჟურნალისტებზე და მუშაობას ახორციელებს სამი ძირითადი მიმართულებით. ესენია, გლობალური აგროჟურნალისტთა ქსელის შექმნა, პროფესიული განვითარება და ახალგაზრდებში ინვესტირება.
თურქეთის აგროჟურნალისტთა გილდიის თავმჯდომარის, ისმაილ იუგურალის განცხადებით საერთაშორისო აგროჟურნალისტთა ფედერაციისგან ყოველთვის დიდ თანადგომას გრძნობს. წლევანდელი „ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების აგროჟურნალისტთა ფორუმიც“ მათი დიდი ძალისხმევის შედეგად ჩატარდა.
„თურქეთის აგროჟურნალისტთა გილდიის მიზანია, ხელი შევუწყოთ არა მარტო ადგილობრივი აგროჟურნალისტების პროფესიულ განვითარებას, არამედ მსოფლიო მასშტაბით მოვახდინოთ სხვადასხვა პროექტების განხორციელება და კონტაქტების დამყარება. სოფლის მეურნეობის განვითარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი თურქეთის ეკონომიკისთვის და ჟურნალისტების როლი მის წარმატებაში ძალიან დიდია,“ განაცხადა ისმაილ იუგურალმა.
თურქეთის აგროჟურნალისტთა გილდია 2012 წელს დაარსდა და 52 აგროჟურნალისტს აერთიანებს.
ანტალიის სოფლის მეურნეობის განვითარება და შესაძლებლობები
ჟურნალისტებს მსოფლიოს 22 ქვეყნიდან შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ანტალიის სოფლის-მეურნეობის განვითარებას და პოტენციალს. ამ მიზნით გაიმართა პანელური დისკუსია „ანტალიისა და თურქეთის სოფლის მეურნეობა“.
ანტალიის სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრის ჰარუნ ოზტურკის განცხადებით, თურქეთის სასათბურე მეურნეობების 37% მდებარეობს ანტალიაში.
„2018 წლის მონაცემებით, თურქეთის სასათბურე მეურნეობებში მოყვანილი ხილ-ბოსტანის 47% ანატლიის რეგიონზე მოდის, მათ შორის პომიდვრის 61%-ი, წიწაკის 55%-ი და კიტრის 45%-ი. ამასთან, ხელსაყრელი პირობებისა და მდიდარი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის წყალობით, ანტალიამ 7,1 მილიონი ტონა ბოსტნეული აწარმოა გასულ წელს. შეიძლება ითქვას, ანტალია, არა მარტო თურქეთის ტურიზმის დედაქალაქია, არამედ სოფლის მეურნეობისაც,“ განაცხადა ჰარუნ ოზტურკიმ.
„ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ წარმოება საკმარისი არ არის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის, საერთაშორისო ვაჭრობა და ბრენდინგიც ძალიან აუცილებელია ამისათვის. ჩვენ ამას ვუწოდებთ „3T“-ს, რაც ნიშნავს „სოფლის მეურნეობას, ტურიზმსა და ვაჭრობას“. პოტენციალის რეალური ზრდა შესაძლებელია ამ სამი ფაქტორის ერთობლივი მოქმედებით,“ განაცხადა ჰარუნ ოზტურკიმ.
გარდა ამისა, ოზტურკის განცხადებით, ანატალია წამყვანი რეგიონია სოკოსა და ავოკადოს წარმოებაშიც. ამის საილუსტრაციოდ, ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცათ მოენახულებინათ სოკოს სასათბურე მეურნეობა კორკუტელის დასახლებაში. კორკუტელის ტერიტორიაზე მოდის თურქეთში მოყვანილი სოკოს წარმოების 50%-ი.
კომპანია „სმს ერსანლარ სოფლის მეურნეობას“ სოკოს სასათბურე მოურნეობა 1500 კვმ-ზე აქვს გაშენებული და წელიწადში 1250 ტონა სოკო მოჰყავს. კომპანია სოკოს კულტივაციას 1988 წლიდან ეწევა და მისი მფლობელის მეჰმეტ ალი ერსანის განცხადებით, სოკოს, როგორც ახალი, ისე დაკონსერვებული სახით ადგილობრივ ბაზარზე და დიდ პიცის მწარმოებელ კომპანიებზე ყიდიან.
„ჩვენს დასახლებას ‘სოკოს დედაქალაქადაც“ მოიხსენიებენ. კომპანია „სმს ერსანლარ სოფლის მეურნეობა“ ერთ-ერთი მოწინავეა ამ ინდუსტრიაში, რამეთუ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს პროდუქციის წამოებისას,“ განცხადა მეჰმეტ ალი ერსანიმ.
ასევე, კორკუტელის დასახლება ცნობილია ციტრუსისა და სათესლე მეურნეობის გასაშენებლად საუკეთესო ადგილად. თურქეთის სათესლე მეურნეობების ასოციაციის თავმჯდომარის სავაჩ აკჩანის განცხადებით, თურქეთი მე-11 ადგილზეა მსოფლიოში სათესლე მასალების მომყვან ქვეყნებს შორის.
„თურქეთის სათესლე მასალების სექტორი სწრაფად ვითარდება სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. ჩვენი მიზანია, 2023 წლისთვის 1.5 მილიონი ტონა სერტიფიცირებული სათესლე მასალა ვაწარმოოთ და მე-5 ადგილზე გადავინაცვლოთ მსოფლიოში სათესლე მასალების მომყვან ქვეყნებს შორის,“ განაცხადა თურქეთის სათესლე მასალების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ სავაშ აკჩანმა.
ამჟამად, თურქეთი სათესლე მასალების ექსპორტს მსოფლიოს 86 ქვეყანაში ახორციელებს.
ჟურნალისტები ასევე ეწვივნენ „ანტალია ექსპო 2016-ს“, რომელიც პროვინციაში ერთადერთი და უდიდესი საგამოფენო სივრცეა. ექსპოს მენეჯმენტი ახორციელებს არა ერთ პროექტს საგამოფენო სივრცის განვითარებისთვის. მათ შორის სოფლის მეურნეობით ბავშვების დაინტერესების მიზნით შეიმუშავეს პროგრამა „Blooming Children-ი“.
ავტორი: თამარ ხურცია