აგროჟურნალისტთა ასოციაციის წევრებმა სოფლის ტურიზმის განვთარებაზე ისაუბრეს
"საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე დემეტრე ერგემლიძემ და გამგეობის წევრმა, რუსუდან გიგაშვილმა სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს. ღონისძიებას ბათუმმა უმასპინძლა.
ასოციაციის წარმომადგენლებმა აგროტურიზმის განვითარების პროცესში მედიისა და სოციალური მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დემეტრე ერგემლიძემ აუდიტორიას უჩვენა მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებშიც კი, აგროტურისტული ობიექტი სტუმრებისათვის საინტერესო და შთამბეჭდავი გახდეს.
“ყოველკვირეულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ვსტუმრობ და ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიით და დღევანდელობით აღფრთოვანებულნი არიან. მათთვის აქ მოგზაურობა ერთგვარი ეკზოტიკაა. საქართველოში ერთხელ ჩამოსული ტურისტი თავის ქვეყანაში ინფორმაციის საუკეთესო გამავრცელებელია. თითოეული ფოტო, ვიდეო ან კომენტარი, რომელსაც აქ მოგზაურობის დროს სოციალურ მედიაში ტვირთავენ, ფასდაუდებელი რეკლამაა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ეს ინფორმაცია დადებითი შინაარსის მატარებელი და ინტერნეტ-მომხმარებლისთვის შთამბეჭდავი იყოს”, - თქვა აგროჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
მან აუდიტორიას პრეზენტაციაც წარუდგინა, სადაც სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიები და პოზიციონირების სხვადასხვა სახე იყო წარმოდგენილი.
რუსუდან გიგაშვილმა კი აგროტურიზმის პოპულარიზაციის საქმეში კლასიკური მედიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით ჟურნალისტები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საქართველოს რეგიონებით და მათთვის ინფორმაციის სწორად მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აგროჟურნალისტთა ასოციაციის გამგეობის წევრმა ისიც აღნიშნა, რომ აგრო მიმართულების მედიაპროდუქტის რაოდენობა საქართველოში იზრდება და ამ პროცესში ჟურნალისტების კვალიფიკაციაზე ზრუნვა ყველა შესაბამისი ორგანიზაციის პირველადი დანიშნულება უნდა იყოს.
“აგროსექტორს სჭირდება დაინახოს მედიის მხარდაჭერის აუცილებლობა. ჟურნალისტები არიან ინფორმაციის საუკეთესო გამტარნი სახელმწიფოს, ფერმერსა და ქვეყნის სხვა მოქალაქეებს შორის. სოფლის ტურიზმის განვითარებაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისა და მათზე რეაგირების გარეშე წარმოუდგენელია”, - თქვა რუსუდან გიგაშვილმა.
სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია აჭარაში უკვე მესამედ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეებმა, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა და როგორც სოფლის, ისე ეკო ტურიზმში სხვადასხვა მიმართლებით ჩართულმა პირებმა.