საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის წევრები შუა აღმოსავლეთის ფორუმს და კვების უსაფრთხოების კონგრესს დაესწრნენ

2018 წლის, 3-4 მაისს, თურქეთში, ქალაქ სტამბულში, კვების უსაფრთხოების რიგით მეექვსე კონგრესი გაიმართა. კონგრესზე წარმოდგენილი სამთავრობო, საერთაშორისო სექტორის თუ მედია წარმომადგენლებმა კვების უსაფრთხოების ადგილობრივ და საერთაშორისო ჭრილში არსებული საკითხები წარმოადგინეს.


კონგრესის ფარგლებში, თურქეთის აგროჟურნალისტთა გილდიის ორგანიზებით, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ, ისმაილ უგურალი, აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) მხარდაჭერით, შუა აღმოსავლეთის ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი იყო შუა აღმოსავლეთის ქვეყნის აგრო მედია სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და აგროჟურნალისტთა უნარების ამაღლების მიზნით თანამშრომლობის შესაძლებლობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.


აღნიშნულ ფორუმს, შუა აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ირანის, ერაყის, იორდანიის, ტუნისის, უკრაინის და ისრაელის აგროჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათთან ერთად, წელს პირველად, საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) წევრებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც დისკუსიის ფორმატში, აგრო მედიის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.


საქართველოში აგროჟურნალისტთა სექტორის ინსტიტუციურ განვითარებას ხელს უწყობს HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი პროექტი MOLI კახეთში, რომლის მხარდაჭერითაც საქართველოს აგრო მედია სექტორსა და აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან შედგა კონტაქტი და მიმდინარეობს თანამშრომლობა.

 

წყარო: www.moli.ge