ბიოლოგიურად სუფთა ჟურნალისტიკა

 ქეთევან ლაფერაშვილი, ია ბობოხიძე

 

სიტყვათშეხამება ,,ბიოლოგიურად სუფთა” ხშირად ჟურნალისტების მიერაც არასწორად გამოიყენება, ბიოლოგირუად სუფთა პროდუქტის წარმოებაში მწარმოებელიც ზოგჯერ მხოლოდ პროდუქტის ,,მოყვანის” პროცესს გულისხმობს, თუმცა ცოდნის დეფიციტის გამო, აქაც არაერთ შეცდომას უშვებს. ამასთან მწარმოებელსაც და ჟურნალისტსაც ხშირად ავიწყდება, რომ წარმოებასთან ერთად, ,,ეკოლოგირუად სუფთა პროდუქტის” მიღება მხოლოდ გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და გასაღებისას საჭირო წესების დაცვითაა შესაძლებელი.


რატომ არის მნიშვნელოვანი სუფთა ჟურნალისტიკის კეთება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტზე?
 საქართველოს რთული მთაგორიანი ლანდშაფტი და მიწის ფრაგმენტაცია ვერ ქმნის იმის პირობებს, რომ ქართველმა გლეხმა წარმოების გაზრდით მიიღოს მოგება და კონკურენტუნარიანი იყოს გლობალურ სასაქონლო ბაზარზე. შესაბამისად,  ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას გაუჭირდება კონკურენცია გაუწიოს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის საშუალებით წარმოებულ იაფ სურსათს, რითაც გაჯერებულია მსოფლიო ბაზარი. სწორედ ამიტომ, მაღალი ხარისხის ბიოპროდუქციის წარმოება ის სფეროა, რომელიც ქართულ პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის მსოფლიო ბაზარზე. ბიოპროდუქციის ბაზარი კი  ერთადერთი ბაზარია მსოფლიოში, რომელიც განუხრელად იზრდება ეკონომიკური კრიზისისა და სხვა ბაზრების შემცირების ფონზეც კი.

„უდიდესი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობას იმ შემთხვევაში, თუ წარმოებული იქნება  ბიო პროდუქტები. ნატურალურ პროდუქტებზე უდიდესი მოთხოვნაა. ევროპის ბაზარზე 7,5%-ით გაზრდილი მოთხოვნა დაფიქსირდა. ბიო პროდუქტებზე მუშაობით და ბიოწარმოების განვითარებით საქართველო შეძლებს გახდეს უდიდესი ექსპორტიორი, ამის პოტენციალი მას ნამდვილად აქვს,“ – აცხადებს ბიოტექნოლოგიების სპეციალისტი, მეცნიერი თენგიზ ჯალიაშვილი.


ბიო-მეურნეობა გლეხის და ფერმერის დამოუკიდებლობის გარანტიაა, მაგრამ ამის მისაღწევად საჭიროა დრო და ცოდნა. იმისათვის, რომ მოსახლეობამ მოითხოვოს სუფთა პროდუქცია, მას უნდა ქონდეს ინფორმაცია  რა განსხვავებაა ქიმიურად დამუშავებულ და ორგანულ პროდუქციას შორის. ამაში კი უდიდესი როლი მედიას მიუძღვის.

 
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში ტრადიციული ქიმიური ელემენტების გამოყენება არაეფექტურად არის მიჩნეული, რადგან ყოველწლიურად ნიადაგის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება იზრდება, ხოლო მოსავალი საგრძნობლად იკლებს.


მცენარეული ბიო-პროდუქტის წარმოებისას მიწების და მცენარეების დამუშავება ძირითადად მცენარეული ან ცხოველური ნარჩენების გამოყენებით ხდება. ნიადაგის ასეთი გზით დამუშავებისას უმჯობესდება მისი ფიზიკური თვისებები და მინერალური შემადგენლობა. ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა სწორ თესლბრუნვას. მეწარმემ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების და გასაღებისას გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვას.

 
როგორია ქართული მედიის გამოცდილება  ამ მიმართულებით?


ქართულ მედიაში, არცთუ ხშირია კვალიფიციური სტატიები ბიოაგროწარმოების თემაზე. თუმცა, რამდენიმე მაგალითის მოძებნა მაინც შეიძლება.

 
“აგრობიზნესი, მისი რესურსული პოტენციალი და აგრობიზნესმენი”

 
სტატიაში კარგად არის ნაჩვენები რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის რესურსების ეფექტური გამოყენება, როგორც მიწის, კაპიტალის სახლით, ასევე ფულადი და ადამიანური რესურსები. აგრობიზნესის საწარმოო პოტენციალი არის ტექნოლოგიურად დაბალანსებული რესურსების ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც კონკრეტულ დროსა და სირვცეში შესაძლებელია დიდი რაოდენობით მაღალხარისხოვანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. თუმცა, სატატიაში მხოლოდ საკითხის თეორიული ნაწილია ნაჩვენები და იგი არ არის გაჯერებული ცოცხალი მაგალითებით. ამდენად, მკითხველისთვის მოსაწყენია.

 
“ბიომეურნეობა – ლენტეხსა და ცაგერში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტიული მიმართულება” – http://www.livepress.ge/ka/site/news/10791/

 
სტატიაში საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე: როგორ შეიძლება ინფორმირებული მომხმარებელი შეეხიდოს მონდომებულ ქართველ ფერმერს და ამით გააძლიეროს სამამულო აგრარული ბაზარი და საბოლოო ჯამში თავად ქართველი გლეხი? რა პირობები უნდა დაიცვას ფერმერმა, რათა გაამართლოს მომხმარებლის ნდობა და რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ამის შესახებ? ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიომეურნეობების აქტუალობა; ბიოწარმოების წესი; ახალი ტექნოლოგიები;

 
სტატია კვალიფიციურად, მაღალი პროფესიული სტანდარტებით არის მომზადებული. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტატია დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


“განვითარდება თუ არა ბიომეურნეობა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე”  – http://www.blogger.ge/post/224
 

სტატიაში წარმოდგენილია სტატისტიკა, როგორ გაიზარდა ბოლო პერიოდში ბიოწარმეობა და ზოგადად, ბიომეურნეობები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, თუ რას ნიშნავს ბიომეურნეობა და ბიოპროდუქცია, სტატიაში საუბარია საქართველოს განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე ბიომეურნეობის განვითარებისა და კონკურენტუნარიანი პოზიციების დაკავების კუთხით.

 
სტატიის ავტორი სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მიუთითებს სახელმწიფოს როლზე ბიოპროდუქციის წარმოების კუთხით. ავტორი კარგად წარმოაჩენს საქართველოში არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას და საკანონმდებლო რეგულაციებს. სტატიის დასკვნით ნაწილში შესაბამისი რეკომენდაციებიც არის წარმოდგენილი. თუმცა, არ არის არცერთი სახელმწიფო მოხელის, ან ექსპერტის მოსაზრება აღნიშნულ საკითხებზე. რაც მკითხველს არ აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს სხვადასხვა პოზიციას წყაროების გამოყენებით.

 
რა უნდა იცოდეს ჟურნალისტმა?


ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რა განსხვავება ქიმიურად დამუშავებულ და ორგანულ პროდუქციას შორის; როგორია სახელმწიფო პოლიტიკა; რა საკანონმდებლო რეგულაციები  არსებობს; რამდენად მზად არის საქართველოში როგორც ფერმერი, ასევე  ბაზარი, ბიოპროდუქციის წარმოება/გასაღებისთვის.


ბიოაგროწარმოების განვითარება ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც შესაბამის  საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებული იქნა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის N198 დადგენილებით დამტკიცდა „ბიოწარმოების წესები“, რომელიც განსაზღვრავს ბიომეურნეობის მართვის, ბიოპროდუქტის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების, ეტიკეტირების, დისტრიბუციის,  რეალიზაციის,   ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის წესსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ასევე იძლევა ბიომეურნეობაში/ბიოწარმოებაში გამოსაყენებლად ნებადართული ნივთიერებებისა და საშუალებების ნუსხას.


IFOAM-ის ანგარიშების თანახმად, სერტიფიცირებული ბიომეურნეობების (მათ შორის კონვერსიული მეურნეობების) ფართობების ცვლილება საქართველოში 2005 წელს 130 ჰა-დან 2011  წლისათვის 1999 ჰა-მდე გაიზარდა, რაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწების  მხოლოდ 0,8%-ს შეადგენს,  2013 წლისათვის ბიომეურნეობების ფართობმა 6000 ჰა შეადგინა.

 
იმისათვის, რომ არაბიოწარმოებიდან ბიოწარმოებაზე მოხდეს გადასვლა, გარკვეული გარდამავალი პერიოდია საჭირო. ამ პერიოდს კონვერსიის პერიოდი ანუ კონვერსია ეწოდება.  გარდამავალი ეტაპი ბიომემცენარეობისათვის ორი წელია, თუ ერთწლიანი მცენარის დათესვამდე ან საძოვრისა და სათიბის გამოყენებამდე ორი წლის, ხოლო მრავალწლიანი კულტურის შემთხვევაში მოსავლის აღებამდე 3 წლის განმავლობაში მიწის მართვა ხდებოდა ბიოწესების შესაბამისად. ცხოველისათვის ეს პერიოდი განსხვავებულია, მაგ. მეხორცული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის – 12 თვეს შეადგენს, ხოლო წვრილფეხა პირუტყვისა და ღორისათვის – 6 თვეს და ა.შ.

 
   სურსათი/ცხოველის საკვები მიჩნეულია ბიოპროდუქტად თუ ეტიკეტზე/ნიშანდებაზე,   რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, აღნიშნულია ტერმინები: „ბიოლოგიური“, „ორგანული“,  „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“, მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, აბრევიატურა, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, ან/და ლოგო. ამასთან, დაუშვებელია ამ  ტერმინების გამოყენება იმ სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე,   რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, რომლის წარმოება არ ხდება ბიოწარმოების წესების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეტიკეტის წესის დარღვევა იწვევს ოპერატორის დაჯარიმებას.

 
ბიოწარმოების დადასტურებისა და ეტიკეტზე/ნიშანდებაზე შესაბამისი წარწერის გამოყენებისათვის აუცილებელია ბიოწარმოების/ბიომეურნეობის სერტიფიკაცია. სერტიფიკაცია წარმოადგენს პროცედურას, რომლის თანახმადაც სერტიფიკაციის ორგანო, ბიოწარმოების წესებთან  შესაბამისობის დადასტურების მიზნით, ახდენს ობიექტის ინსპქტირებას.  ეს ნებაყოფლობითი პროცედურაა და ხორციელდება ოპერატორის ინიციატივით. სერტიფიკატის დადასტურება უნდა მოხდეს ყოველწლიურად. სერტიფიკაციას ახორციელებს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე უფლებამოსილი ორგანო.



წყარო: ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი


რეკომენდირებული წყაროები:

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ – მისამართი: გაზაფხულის ქ. #16, თბილისი, საქართველო, ს/ი 0177; ტელ/ფაქსი: +995 32 253 64 86/87; ელ–ფოსტა: biofarm@elkana.org.ge, ვებ-გვერდი: elkana.org.ge


მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი „ბიოაგრო“ – მისამართი: თბილისი, ორხევი, თვალჭრელიძის I შესახვევი 006/012; ტელეფონი: 599 16 05 10; 599 58 24 20; 558 078686; ელ. ფოსტა: info@bioagro.ge; ვებ-გვერდი: www.bioagro.ge


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტი ელ-ფოსტა:k.khutsaidze@moa.gov.ge,  ტელ: (+995 32) 237 80 22