აგრონომიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის
რა უნდა იცოდეს აგროჟურნალისტმა?
ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, თუ რა არის აგრონომია, რომ იგი წარმოადგენს სასოფლო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთობლიობას მცენარეთა მოყვანის, ცხოველთა მოშენების, წარმოების ორგანიზაციისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი გადამუშავების შესახებ. რომ იგი მოიცავს ისეთ მეცნიერებებს, როგორებიცაა ნიადაგმცოდნეობა, მიწათმოქმედება, მემცენარეობა, აგროქიმია, სელექცია-მეთესლეობა და სხვა.
ამ მიმართლების სიღმისერული გაშუქებისა და მოსახლეობის ინფორმაცირებისთვის, ჟურნალისტს სჭირდება არა მხოლოდ საკითხში გარკვევა, არამედ საკითხის მცოდნე წყაროების მიგნება, რომ აუდიტორიამდე სათქმელი სწორი აქცენტებით მიიტანოს.
რას უნდა მიაქციოს ყურადღება ჟურნალისტმა, თუკი იგი გადაცემას მემცენარობაზე აკეთებს?
მთავარი აქცენტები სასოფლო – სამეურნეო მცენარეებზე, მათი მოყვანის მეთოდებზე, დანიშნულებაზე, მათ კვებასა და პროდუქტიულობაზე უნდა გაკეთდეს.
თუკი მასალა უნდა მომზადდეს მცენარეთა კვებასა და პროდუქტიულობაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს ნიადაგში ყველა საკვები ელემენტის აუცილებელი რაოდენობით არსებობაზე. ჟურნალისტმა უნდა აუხსნას აუდიტორიას, რომ მაგალითად, თუ 1 ჰა ნიადაგში აზოტის რაოდენობა იმდენია, რამდენიც მხოლოდ 3 ტონა მარცვლის მოსავლის მისაღებად არის საკმარისი, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის რაოდენობა იმდენი, რამდენიც 5 ტონა მარცვლის მისაღებად, მოსავალი იქნება მხოლოდ 3 ტონის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ აუდიტორიას არ შეუქმნას ცრუ მოლოდინები.
მსგავსი თემის გაშუქებისას, თუკი რესპოდენტი საუბრობს დაბალმოსავლიანობაზე, ვიდრე მოელოდა, ჟურნალისტი მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით კი არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ სიღრმისეულად უნდა გაანალიზოს საკითხი და ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებებს, რამდენად იცის ფერმერმა ამა თუ იმ კულტურის მოყვანის ტექნოლოგია, აქვს თუ არა წარმოდგენა ნიადაგში არსებული საკვები მარაგის შესახებ და შეეცადა თუ არა იგი მის გაუმჯობესებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახებოდა მოსავლიანობაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფერმერის მოსაზრებებისგან განსხვავებული შესაძლოა იყოს აგროქიმიკოსთა, ნიადაგმცოდნეთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა აზრები. ჟურნალისტმა უნდა წარმოაჩინოს ისინი. ბოლოს კი უნდა შეაჯამოს თემა, ისე რომ ჩანდეს – მხოლოდ ყველა მინერალური ელემენტის შესაბამისი რაოდენობით არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი მოსავლიანობის გაზრდა და იგი არ არის დამოკიდებული თუნდაც მხოლოდ სათესლე მასალის ეტიკეტზე დატანილ მონაცემებზე.
დადებით მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა (http://ajaratv.ge/ge/shows/agro-advises)
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებულ გადაცემათა ციკლში "აგრორჩევები" ჟურნალისტმა მოამზადა სიუჟეტი თხილის კულტურაზე, სათაურით "თხილის სარგებელი". რეპორტაჟის სსაფუძველი გახლდათ ის მზარდი მოთხოვნილება, რომელიც ბოლო პერიოდში ბაზარზე შეიქმნა. გადაცემა მომზადდა ერთიანი სიუჟეტის დაგეგმვის პრინციპით. თავდაპირველად ჟურნალისტმა წარმოაჩინა საკითხის ძირითადი დებულებები, ისაუბრა მის აქტუალობაზე. მაყურებელს წარმოუდგინა ზუსტი ფინანსური გათვლები მოგებაზე, თუკი ფერმერი არანაირ დამატებით სამუშაოებს არ ჩაატარებდა. ამის შემდეგ შესთავაზა ფერმერის კომენტარი თხილის მოსავლისა და მისი რეალიზაციის შესახებ. აქვე გააკეთა აქცენტი მოსავლიანობის გაზრდაზე დამატებითი მოვლის პირობებში, რითაც გაწეული ხარჯი პირდაპირ აისახებოდა შემოსავლის გაზრდაზე.
ფერმერტან ინტერვიუს შემდეგ, ჟურნალისტმა მაყურებელს შესთავაზა თხილის ექსპორტიორი ორგანიზაციის ექსპერტის მოსაზრებები მოსავლიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სასუქების გამოყენების ეფექტიანობაზე. სიუჟეტის დახმარებით სრულყოფილად არის ახსნილი თხილის პლანტაციის გაშენების ძირითადი პრინციპები, გეოგრაფიული განლაგება, ნიადაგის მომზადება მინერალური და ორგანული სასუქებით, სასოფლო კულტურის დაცვის საშუალებები და საირიგაციო სისტემები. აქვე საინტერესოდაა ჩართული აგროინჟინრის, სახელმწიფოს სოფლის მერნეობის განვითარების განყოფილების წარმომადგენლის რჩევები კონკრეტულად ამ მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროექტებზე. დასასრულს ყურადღებაა გამახვილებული თხილის მავნებლებზე და მათთან ბრძოლის საშუალებებზე. ბოლოს კი ერთგვარი რეზიუმეს სახით ჟურნალისტი მოსავლის აღება-შენახვა-რეალიზაციის პროცესებსა და ფინანსურ სარგებელზე საუბრობს.
სარეკომენდაციო თემები მემცენარეობაზე:
- პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოები;
- მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა;
- სტანდარტების (ხარისხის) დაცვის საკითხები.
- სასათბურე მეურნეობები და მათი ძირითადი პრობლემები;
- აგროდაზღვევა და სერტიფიცირება;
- შიდა ბაზარი და მისი დაცვა;
მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილოს ნიადაგის ნაყოფიერებაზე
ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტი უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:
რა არის ნიადაგი; ნიადაგის გამდიდრება; საქართველოში არსებულ ნიადაგის სახეობები და ამის მიხედვით გადანაწილებული სასოფლო-სამეურნეო პრიორიტეტები; ნიადაგის ეროზიის, მჟავიანობის, ნაყოფიერების, სახნავი ფენის თავისებურებები, ნიადაგში საკვები მარაგის შევსება-დაგროვების (ბუნებრივი და ხელოვნური) გზები და მნიშვნელობა; სასუქები; მცენარეთა კვება და მოსავლიანობა; ორგანული და არაორგანული სასუქები და მათი ეფექტიანად გამოყენების პირობები; წყლის, ჰაერის და სითბური რეჟიმის რეგულირება; ნიადაგის დამუშავების ძირითად ხერხები, ხვნა ბელტის გადაბრუნებით და ბელტის გადაბრუნების გარეშე, პლანტაჟი და მორწყვა. თესლბრუნვა და ფართობის მომზადება დასათესად ან ჩითილის დასარგავად; მავნებლებისა და დაავადების კონტროლი; პესტიციდები, მათი ძირითადი ჯგუფები, გამოყენების არეალი და ეფექტურობა.
მაგალითად თუკი გაშუქების თემაა პესტიციდები, მათი გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ჟურნალისტმა თავდაპირველად ძირითადი დებულებების სახით უნდა ჩამოაყალიბოს საკითხის არსი, შემდეგ გამოიყენოს აგროქიმიკოსის კომენტარი მინერალურ სასუქებზე (აზოტი, ფოსფატი, კომპლექსური, კალიუმი), მათ სარგებელსა და ეფექტიანობაზე, რომლის შემდეგაც მაყურებელს მიაწოდებს მასალას, ვთქვათ სასუქების ნაირსახეობებზე (სპეციალიზებული მაღაზიიდან) აგროქიმიკოსის კომენტარით. შემდეგ შესაძლებელია დამატებითი მასალის მომზადებაც, უკვე ფერმერული მეურნეობიდან, რომლის დროსაც კომენტარს გააკეთებს როგორც თავად ფერმერი, ასევე სურსათის უვნებლობის სპეციალისტი. სასურველია ამას შეუპირისპირდეს ეკოლოგების, ორგანული ს/მ-ის სპეციალისტებისა და სურსათის უვნებლობის სპეციალისტთა მოსაზრებები და ერთიან კონტექსტში იქნას ნაჩვენები საკითხის ყველა მხარე. საბოლოოდ ჟურნალისტი აკეთებს ერთგვარ შეჯამებას.
ამ მიმართულებით რესპოდენტებად შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ფერმერები, ასევე სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, სასათბურე მეურნეობებისა და სანერგეების აგრონომები და მექანიზატორები.
ნიადაგის ნაყოფიერებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო თემები:
- ნიადაგის ნაყოფიერება; დანაწევრებული ფართობები და ფერმერთა კოოპერატივები;
- სარწყავი ფართობები და თანამედროვე სარწყავი სისტემები;
- ფინანსური რესურსები და ფერმერული მეურნეობები;
- დარგის თანამედროვე ტექნოლოგიები;
წყარო: ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი