აგროჟურნალისტთა საერთაშორისო კონგრესზე საქართველო პირველად წარდგა
2017 წლის 30 მარტიდან 8 აპრილამდე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში “აგროჟურნალისტთა საერთშორისო კონგრესი” გაიმართა. კონგრესი „აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” (IFAJ) მიერ ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროჟურნალისტთა გილდიებისა და ასოციაციების ჩამოყალიბებას და ამასთანავე დარგის განვითარების ხელშეწყობას.
„აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“ ოფიციალურად (International Federation of Agricultural Journalists – www.ifaj.org) 1956 წლის, 16 ნოემბერს, საფრანგეთში, პარიზში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, ეს იყო გაერთიანება (Union), რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აგროჟურნალისტიკის სწავლებას, აგროჟურნალისტებისათვის შეხვედრების, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შექმნას და ზოგადად პროფესიულ საკითხებზე დისკუსიების ორგანიზების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ამასთან ერთად, ერთ - ერთი ძირითადი ამოცანა, იმ ქვეყნებში აგროჟურნალისტთა ასოციაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო, სადაც ამგვარი გაერთიანებები არ არსებობდა.
დღესდღეობით, ფედერაციაში გაერთიანებულია 45 ქვეყნის აგროჟურნალისტთა ასოციაცია და აგრო სექტორში მომუშავე ბიზნეს კომპანიების კომუნიკაციის სპეციალისტები. „აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში“ გაერთიანებული აგროჟურნალისტთა გილდიები ან ასოციაციები ქმნიან საერთო პლატფორმას, რაც ხელს უწყობს ამ სფეროში ცოდნის თავმოყრას და ერთმანეთში გაზიარებას.
ფედერაციის ეგიდით ყოველ წელს, სხვადასხვა ქვეყანაში „აგროჟურნალისტთა საერთაშორისო კონგრესი“ იმართება. წელს კონგრესი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა, რასაც 30 ქვეყნის 140 მდე წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ, როგორც აგროჟურნალისტთა ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე აგრო სექტორში არსებული ბიზნეს კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის სპეციალისტები.
კონგრესზე სფეროს აქტორებმა, მათ შორის დიდმა ფერმერებმა, ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა პანელური დისკუსიის ფორმატში, გლობალურ ჭრილში განიხილეს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის საკითხები. გარდა ამისა, კონგრესის ფარგლებში, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული საწარმოების, ფერმერული მეურნეობების და ერთეულების დასათვალიერებლად მოეწყო ტურები და ახალგაზრდა აგროჟურნალისტებისათვის ჩატარდა მასტერ კლასი.
აღნიშნულ კონგრესზე, საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი. კონგრესსა და მასტერ კლასში წინასწარ შერჩეულ აგროჟურნალისტებს შორის, რეგიონული მედია ორგანიზაციის „კახეთის ხმა“ დირექტორმა და „საქართველოს რეგიონული მედია ასოციაციის“ ხელმძღვანელმა მაია მამულაშვილმა და პროექტის MOLI კახეთში, მედია კოორდინატორმა/საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, ნესტან მერმანიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული ვიზიტი პროექტის MOLI კახეთში მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
მთლიანად, აღნიშნულ მასტერ კლასს ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის 20 მონაწილე, მათ შორის იყვნენ ის აგროჟურნალისტები, რომელთაც ამ ეტაპზე, საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ აგროჟურნალისტთა ასოციაციები და მიზნად ისახავენ მათ ჩამოყალიბებას და უკვე არსებული ასოციაციის წევრები. თითოეულმა მონაწილემ, საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ისაუბრა, სოფლის მეურნეობაში არსებული ცოდნის და გამოცდილების შესახებ. ფედერაციის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო აგრო ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომელიც ფოკუსირებული იყო აგროჟურნალისტიკის როლზე და მნიშვნელობაზე, თუ რა გავლენას ახდენს მათი საქმიანობა ზოგადად სექტორის განვითარებაზე.
მასტერ კლასის ფარგლებში, უკვე არსებული ასოციაციის წევრებმა, ე.წ. „ახალგაზრდა ლიდერებმა“, დანარჩენ მონაწილეებს პრაქტიკული რჩევები მისცეს, ასოციაციის დაარსების საკითხებში.
ცოტა რამ ქვეყნის შესახებ… აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკა, აფრიკის მთლიან კონტინენტზე არსებულ ქვეყნებს შორის ერთ - ერთი ძლიერი აგრო მწარმოებელი სახელმწიფოა.
ქვეყნის მთლიანი ფართობი 121 მილიონი ჰექტარია, მოსახლეობა კი 55 მილიონი.
ქვეყნის მთლიანი ფართობის 12 % სახნავია. კულტურულ მცენარეებს შორის სიმინდი ყველაზე ხშირად მოჰყავთ, შემდეგ მოსდევს სოიო, ხორბალი, მზესუმზირა და შაქრის ლერწამი. ფართობის 69 % საძოვარია, ხოლო დანარჩენი კი არასაკმარისი ირიგაციის გამო ნაკლებპროდუქტიულია.
კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებისათვის მოეწყო ტურები ადგილობრივ საწარმოებსა და ფერმებში. მასტერ კლასის მონაწილეებმა მოვინახულეთ მარცვლეული კომპანია„დუპონის“ შვილობილი კომპანიების, „პანარის“ და „პიონერის“ საწარმოები და მარცვლეულის ნაკვეთები. კომპანია მარცვლეულ კულტურები, განსაკუთრებით, სიმინდი, სოიო, მზესუმზირა ადგილზე მოჰყავს და მარცვლის სახით ჰყიდის ფერმერებზე. მათ აქვთ ერთ - ერთი მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, სადაც სხვადასხვა გენების შეწყმით გამოჰყავთ ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი. ამასთან ერთად, კომპანიას ადგილზე მწერების კვლევითი ლაბორატორია აქვს, რათა თავიდან იქნას აცილებული ამა თუ იმ მწერისგან მარცვლეულის განადგურება.
ერთ - ერთი ტური, ადგილობრივი ფერმერის, ჩარლზ როსოუს ოჯახურ მეურნეობაში შედგა, რომელიც დაახლოებით 50 წელია საქმიანობს სხვადასხვა მიმართულებით. მისი წარმოება - 3 000 ჰექტარი სიმინდის, 1 000 ჰექტარი სოიოს, 650 ჰექტარი ციტრუსისა და 65 ჰექტარი მოცვის ნაკვეთებისგან შედგება. ამასთან ერთად, როსოუს 900 000 კვერცხისმდებელი ქათმის, რომელიც დღიურად 30 000 კვერცხს დებს, 1.3 მილიონი ბროილერის და 1 500 სულიანი საქონლის ფერმა აქვს.
მომდევნო ვიზიტი უკურკო ყურძნის საწარმოში მოეწყო. საკმაოდ საინტერესო საწარმო, არამარტო საქმიანობით არამედ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტივობებით გამორჩეული, 1928 წლიდან საქმიანობს, მას შემდეგ რაც ფანი როსოუმ, პირველი მეურნეობა შეიძინა. კომპანიას დღეს უკვე ოჯახის მესამე თაობა მართავს.
საწარმო სეზონზე 8 მილიონ კილოგრამ უკურკო ყურძენს ჰყიდის. საწარმოს, ადგილობრივი ბაზრის გარდა, ნაწარმი საექსპორტოდ არაერთ ქვეყანაში, მათ შორის 20 % ევროკავშირში, 10 % ბრიტანეთში, 9 % კანადაში და 60 % ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაში გააქვს.
საწარმოს ადგილობრივი დაქირავებული მუშახელისათვის, რომელიც ჯამში 1 500 ადამიანს შეადგენს, საწარმოს ტერიტორიაზე უზრუნველჰყოფს საცხოვრებელი გარემოთი, კლინიკური მომსახურებით, განათლებით, ბიბლიოთეკით, სპორტული მოედნით და ა.შ. მაშინ როდესაც დაქირავებული თანამშრომლები საწარმოში საქმიანობენ, მათი შვილებისათვის, საწარმოსთან ახლოს, სპეციალური საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
ღვინის წარმოებას სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით 350 წლის ტრადიცია და ისტორია აქვს. რამდენიმე ადგილობრივ ყურძნის ჯიშებს შორის, ორი უძველესი ჯიში - პინოტაჟი და ნუველი გამოირჩევა. ღვინის კომპანია „ნუი“ 1963 წლიდან მუშაობს და დღესდღეობით წელიწადში 13 მილიონ ლიტრს ღვინოს აწარმოებს.
ასევე, აღსანიშნავია საქონლის ფერმა და რძის საწარმო „Fair Cape”, რომელიც 20 წელზე მეტია რაც რძის პროდუქტებს აწარმოებს. ძირითადად ნაწარმი ადგილობრივ ბაზარზე გააქვს. ფერმაში 5 000 მდე სული საქონელი ჰყავთ და თითო მათგანი დღეში საშუალოდ 40 ლიტრ რძეს იძლევა. საწარმოს პროდუქტებს შორის არის ყველი, რძე, იოგურტი, მილქშეიკი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 40 000 ფერმერული ერთეულია და გასაკვირი არაა, რომ შიდა მოხმარების პროდუქტის 12 % -იანი წილი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტს უკავია.
მსგავსი ტიპის წარმოებები სამხრეთ აფრიკაში საკმაოდ წარმატებულია. განსაკუთრებით აღნისაშნავია, რომ მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 5 % აგრო სფეროშია დასაქმებული. თუმცა მიუხედავად, ასეთი მასშტაბის წარმოებისა და ფერმერული საქმიანობისა, სამხრეთ აფრიკას რიგი პრობლემები აქვს, რომელთა შორის უმთავრესია კრიმინალი. მიუხედავად იმისა, რომ არსებული სტატისტიკის მიხედვით, 1970 იანი წლებიდან დღემდე კრიმინალის შემთხვევათა პროცენტულმა მაჩვენებელმა, 70 % - დან 30 % - მდე დაიწია, მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
ადგილობრივი სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული პრობლემის ერთ- ერთი გამოწვევი მიზეზი განათლების ნაკლებობაა, რის გამოც ახალგაზრდობა თავიანთი შესაძლებლობების გამოხატვას ვერ ახდენს და შედეგად კრიმინალის შემთხვევები არ მცირდება. ეს კი საბოლოო ჯამში აისახება ქვეყანაში დასაქმების დინამიკაზეც. ქვეყანაში, უმუშევრობის დონე 25 % - ია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვარაუდით, 2008 წლიდან 2050 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის ზრდა 9 მილიარდამდეა მოსალოდნელი და შედეგად, მსოფლიო გამოწვევის წინაშე დადგება, რადგან დღევანდელთან შედარებით, მსოფლიოს აგრო სექტორმა 70 % - ით მეტი საკვები უნდა აწარმოოს. საერთაშორისო ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, კი სამხრეთ აფრიკას თითქმის ყველა რესურსი გააჩნია, რომ კონტინენტის „პურის კალათა“ გახდეს.
წყარო: http://moli.ge