საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია Agro Food Expo 2026-ზე
13-14 ნოემბერს, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მასშტაბური ღონისძიება, Agro Food Expo 2026, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით, რიგით 24-ედ გაიმართა.
წლევანდელ გამოფენაში 8 ქვეყნიდან 100-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, კორეიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან. ღონისძიებამ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი პროდუქციის, სერვისებისა და ინოვაციების წარდგენის, ასევე პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა მისცა.
გამოფენის მონაწილეებს შორის იყო საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ), რომლის სტენდიც სტუმრებს სხვადასხვა საინტერესო და ინტერაქციულ აქტივობას სთავაზობდა.
![]() |
![]() |
![]() |
ასოციაციის სტენდთან მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ AGAJ-ის საქმიანობასა და სერვისებს. ფერმერებს შეეძლოთ, აგროჟურნალისტებისთვის საკუთარი მოსაზრებები და სათქმელი სპეციალურად განთავსებულ ჩანაწერებში დაეფიქსირებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ გამოკითხვაში, რომლის მიზანიც აგროინფორმაციის მიღების წყაროებისა და სანდო ინფორმაციის გამავრცელებლების იდენტიფიცირება იყო.

გამოკითხვის შედეგები პანელური დისკუსიის ფარგლებში შეჯამდა და დამსწრე საზოგადოებას წარედგინა. დისკუსია, რომელიც აგროჟურნალისტთა ასოციაციის მოდერაციით გაიმართა, აგროინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სანდოობის საკითხებს დაეთმო.
AGAJ-ის სტენდის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სტენდთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ სპეციალურად მოწყობილ ფოტოზონაში, ბრენდირებული ჩარჩოს (მემოგრამის) გამოყენებით.




