IFAJ-ის პრესტური საქართველოში
2026 წლის 26-30 ოქტომბერს საქართველომ უმასპინძლა აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) პრესტურს. ტურში მონაწილეობდა 12 აგრარული ჟურნალისტი დიდი ბრიტანეთიდან, შოტლანდიიდან, სლოვენიიდან, სერბეთიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და იაპონიიდან. ტური საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) ორგანიზებით და გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
პროგრამის მიზანი იყო, უცხოელ ჟურნალისტებს ქართული სოფლის მეურნეობა სხვადასხვა მასშტაბით დაენახათ: მცირე ოჯახური მეურნეობებიდან უფრო მსხვილ საწარმოებამდე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრადიციულ წარმოებებზე, სადაც ქართული მეთოდები და კულტურული მემკვიდრეობა ყველაზე მკაფიოდ ჩანს.
სამი დატვირთული დღის განმავლობაში ჟურნალისტებმა იმოგზაურეს შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში. ისინი ეწვივნენ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურის ბაზას; შეხვდნენ ქართული ენდემური ხორბლის მწარმოებლებს, მეცხოველე ფერმერებს, ყველისა და რძის ტრადიციული პროდუქტების, ღვინის, თაფლის, წვენებისა და ხილის პროდუქციის მწარმოებლებს.
| |
ვიზიტების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ქონდათ თავად გამოეცხოთ კახური შოთის პური და ხაჭაპური, ამოევლოთ ჩურჩხელა, მოეხვიათ ხინკალი, დაემზადებინათ დამბალხაჭო და სულგუნი. ჟურნალისტები ასევე, მონაწილეობდნენ ჭაჭის გამოცდის პროცესში. ისინი გაეცნენ ქართულ ფოლკლორულ მუსიკასა და ტრადიციულ ცეკვებს.
IFAJ საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც 70 წელზე მეტია საქმიანობს და 60 ქვეყნის 5 000-ზე მეტ კომუნიკატორს აერთიანებს. საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) 2017 წლიდან ფუნქციონირებს და IFAJ-ის წევრი და პარტნიორია 2018 წლიდან.

