რა შეცვალა ევროკავშირის წევრობამ ხორვატი ფერმერებისთვის

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ხორვატიის აგროსექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სპიკერებს ვუსმენდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანი ნავსაყუდელია პატარა ქვეყნებისთვის ევროკავშირი. 

ხორვატიის სოფლის მეურნეობას ევროკავშირამდე მარტივი გზა არ გაუვლია. გაწევრიანების მოლაპარაკებების პერიოდში, განსაკუთრებით 2005–2011 წლებში, ერთ-ერთი ყველაზე რთული სწორედ სოფლის მეურნეობის სფერო იყო. მიზეზი მხოლოდ კანონმდებლობის დაახლოება არ ყოფილა. ხორვატიას პრაქტიკულად მთელი ადმინისტრაციული სისტემა თავიდან უნდა აეწყო, კონტროლის მექანიზმებიდან დაწყებული, სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციისა და აღრიცხვის სისტემებით დამთავრებული.

ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ხორვატიამ საჭირო ინსტიტუტებისა და მექანიზმების შექმნა შეძლო. 2013 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა და მის ფერმერებსაც ახალი შესაძლებლობები გაუჩნდათ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო საერთო აგრარულ პოლიტიკაზე (CAP) წვდომა, ევროკავშირის ერთ-ერთ უძველეს პლატფორმაზე, რომელიც 1962 წელს შეიქმნა და ათწლეულების განმავლობაში ევროპის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა.

ხორვატიისთვის ეს მხოლოდ დაფინანსების მიღებას არ ნიშნავდა. წევრობამ სექტორს მისცა უფრო სტაბილური და გრძელვადიანი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდა სოფლის განვითარებაში, ინფრასტრუქტურაში, ფერმების მოდერნიზაციასა და სასურსათო უსაფრთხოებაში ინვესტირება. ფერმერისთვის კი ეს ბევრად უფრო კონკრეტულ გადაწყვეტებს ნიშნავდა: პირდაპირ მხარდაჭერას, ტექნოლოგიური განახლების შესაძლებლობას და ახალგაზრდა ფერმერებისთვის სპეციალურ პროგრამებს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში, სადაც სოფლის მოსახლეობის შემცირება და თაობათა ცვლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

დიახ, ხორვატიამ ეს შეძლო, თუმცა შრომა და ბრძოლა არ დასრულებულა. ევროკავშირი ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს პრიორიტეტებსა და დაფინანსების მოცულობას, და ახლა მთელი ყურადღება 2028-2034 წლების ბიუჯეტზეა გადატანილი. სწორედ აქ ჩნდება ხორვატიისთვის მნიშვნელოვანი საკითხი: რამდენად ძლიერი დარჩება CAP-ის ფინანსური მხარდაჭერა და რა ადგილი ექნება მას ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტში.

ამ სირთულეებისა და მოლაპარაკებების პროცესების ფონზე, ხორვატ ფერმერებში პოპულარულია ერთი ხუმრობა: კოლუმბს ინდოეთის აღმოსაჩენად ევროკავშირის გრანტი რომ მიეღო და ამერიკა აღმოეჩინა, გრანტის უკან დაბრუნებას მოსთხოვდნენ, წინასწარ გაწერილი არ იყოო.

მიუხედავად ასეთი ხუმრობებისა, ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით კითხვა არ დგას. ხორვატიის მაგალითი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გაწევრიანება პროცესის დასასრული არ არის. ევროკავშირი სისტემაა, სადაც წესები რთულია და მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ ამავე დროს, ეს არის სივრცე, რომელიც ქვეყანას, ფერმერსა და საბოლოოდ, მომხმარებელს აძლევს სტაბილურ რესურსებს, ბაზარსა და განვითარების შესაძლებლობებს.

აქვე გეტყვით, რომ ხორვატიამ გაწევრიანებამდე, 7 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირისგან დაახლოებით 130 მილიონი დოლარის მხარდაჭერა მიიღო, 2013 წლის შემდეგ კი ეს მასშტაბი დაახლოებით 7.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის წევრობამ პატარა ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის ფინანსური შესაძლებლობების მასშტაბი სრულიად შეცვალოს და განვითარების უფრო გრძელვადიანი საფუძველი შექმნას.

რუსუდან გიგაშვილი