ხორვატიის აგროსექტორი: გამოწვევები და გადაწყვეტები

ხორვატიის ოფიციალური პირები და ექსპერტები ერთხმად საუბრობენ, რომ ქვეყანას აქვს პრობლემები, რომელთა გადაჭრა აუცილებელია აგროსექტორის განვითარებისთვის.

EU-ს მასშტაბით ხორვატია მოცულობით მცირე მოთამაშეა, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ღირებულებით ბაზრის დიდი ოთხეულისგან (საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია) შორსაა, თუმცა ბოლო წლების დინამიკით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი წევრი ქვეყანაა.

სოფლის მეურნეობა ხორვატიის მშპ-ის 3-3.4%-ია და დასაქმებულთა 4.5%-ს მოიცავს. ქვეყანაში 134 000-ზე მეტი ფერმაა რეგისტრირებული, რომელთა 70% 5 ჰექტარზე ნაკლებია.

საინტერესო სურათია თვითკმარობის კუთხითაც: ხორვატია მარცვლეულში, ცოცხალ პირუტყვსა და ფრინველში, ღვინოსა და ზოგიერთ ხილში (მანდარინი, ალუბალი) თვითკმარია, თუმცა ხორცის, რძის და ბოსტნეულის უმეტესობა შემოაქვს. ეს იმით აიხსნება, რომ ქვეყანა ექსპორტზე უშვებს ნედლეულს, ხოლო შემოაქვს დამუშავებული პროდუქცია.

ძირითადი პრობლემები, რაზეც დღეს აგროინდუსტრიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები საუბრობენ არის: დაბერებული სამუშაო ძალა (ფერმერთა 40% 65+ წლისაა), მიწის ფრაგმენტაცია, კოოპერაციის თითქმის არარსებობა მცირე მწარმოებლებს შორის, დაბალი ინვესტიცია გადამუშავებაში და კლიმატის ცვლილება.

გამოსავალი, რომელზეც ექსპერტები თანხმდებიან არის, მეტი ინვესტიცია გადამუშავებაში, არა მხოლოდ ნედლეულის წარმოებაში; კოოპერაციის განვითარება მცირე მწარმოებლებისთვის; მიწის ისეთი რეფორმა, რომელიც რეალურ მწარმოებელზე იქნება ორიენტირებული; და ახალგაზრდა ფერმერების სოფლად მიზნობრივი ინსტრუმენტებით შენარჩუნება.

ევროკავშირი კონკრეტულ დახმარებას უწევს ფონდებით, ინვესტიციებით, სარწყავი სისტემებით და ტექნოლოგიური მოდერნიზაციით, თუმცა ამ რესურსების ეფექტური მართვა ხორვატიის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

რუსუდან გიგაშვილი