IFAJ-ის 2026 წლის მსოფლიო კონგრესი ხორვატიაში გაიმართა
16-დან 20 სექტემბრამდე ხორვატიის ქალაქ ოსიეკში, სლავონიისა და ბარანიას მიწებზე, აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) 2026 წლის მსოფლიო კონგრესი გაიმართა. კონგრესს 40-ზე მეტი ქვეყნიდან თითქმის 200 აგროჟურნალისტი და კომუნიკატორი დაესწრო.
წლევანდელი კონგრესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან წელს IFAJ-ის დაარსების 70 წლისთავი აღინიშნა.
ხუთდღიანი პროგრამა მოიცავდა სესიებს, დისკუსიებს და საველე ვიზიტებს. მონაწილეები გაეცნენ ხორვატიის სოფლის მეურნეობის მიღწევებს, რეგიონის აგრარულ პოტენციალსა და ადგილობრივ პრაქტიკას. განხილვის ცალკე თემა იყო ის მთავარი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც დღეს მსოფლიოს აგროინდუსტრიას აქვს.
კონგრესში მონაწილეობდა საქართველოს აგრარულ ჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ). კონგრესის ფარგლებში AGAJ-მა წარადგინა პრეზენტაცია IFAJ-ის წევრი ჟურნალისტების საქართველოში სასწავლო ვიზიტის შესახებ, რომელიც 2026 წლის 26 - 30 ოქტომბერს გაიმართება.



კონგრესის ფარგლებში IFAJ-ის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელშიც საქართველოს შესახებ სტატია „ქვევრში დავარგებული ისტორია“ გამოქვეყნდა. IFAJ აერთიანებს 5000-ზე მეტ წევრს 62 ქვეყნიდან, რაც სტატიას ფართო საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანის შესაძლებლობას აძლევს.
IFAJ-ის მომდევნო მსოფლიო კონგრესი 2027 წელს სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.