როცა მარანი ახალგაზრდებს უსმენს
ღვინის სამშობლოს მკვიდრი სხვა ქვეყანაში მარნებში სტუმრობისას განსაკუთრებულ აღმოჩენებს, როგორც წესი, არ ველოდები. დღესაც, ბარანიაში, Vina Belje-ს ძველი მარნის დათვალიერებისას, არც საუკუნეების ისტორია გამკვირვებია და არც მემკვიდრეობის პერიპეტიები. საინტერესო ის აღმოჩნდა, რას აკეთებს მარნის მეპატრონე დღეს იმისთვის, რომ მეღვინეობის ტრადიციული ხაზი შეინარჩუნოს და ამავე დროს, თანამედროვე მომხმარებელსაც უპასუხოს.
Belje Podravka Agri-ს ნაწილია. ეს გაერთიანება დაახლოებით 33 ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას მართავს და სხვადასხვა მიმართულების ფერმებს აერთიანებს.
Vina Belje ღვინის ხაზია, რომელსაც ბანოვო ბრდოს ფერდობებზე 500 ჰექტარი ვენახი აქვს, სადაც გრაშევინა დომინირებს, დაახლოებით 85 პროცენტით. დანარჩენ ფართობებზე შარდონე, ფრანკოვკა, მერლო და კაბერნე სოვინიონი მოჰყავთ. წარმოება წელიწადში დაახლოებით 3.5 მილიონ ლიტრ ღვინოს აღწევს. ღვინოებს ბევრი საერთაშორისო აღიარებაც აქვთ.
მარანი 1526 წლის ჩანაწერებშია მოხსენიებული. სამსართულიანი მიწისქვეშა სივრცე დაახლოებით 1200 კვ.მ, ხოლო ღვინის დასავარგებლად სლავონური მუხის კასრები გამოიყენება. აქვე ინახება 20 ათასზე მეტი ბოთლისგან შემდგარი ღვინის არქივი.
მარანს ღვინის გარდა სხვა ისტორიაც აქვს. 1526 წლის მოჰაჩის ბრძოლის დროს ოსმალთა ჯარი მას თავლად და დენთის საწყობად იყენებდა, ქვემოთ კი პატიმრებისთვის ციხე ქონდა. მთელი ამ ისტორიული პერიპეტიების და ღვინის წარმოების ტრადიციების ფონზე, საინტერესო ისაა, როგორ ცდილობს კომპანია ახალი სეგმენტის მოზიდვას.
ახალგაზრდებში ღვინისისადმი ნაკლებმა ინტერესმა მეღვინეობის ტრადიციული კომპანიები აიძულა პროდუქტისა და მისი კომუნიკაციის ფორმა შეცვალოს. Belje-მ სპეციალური Cuvée ხაზი შექმნა, რომელიც ახალგაზრდებზე გათვლილი ერთიანი მარკეტინგული კონცეფციის ნაწილია, ახალი ხაზის ღვინოების სტილიც უფრო მსუბუქ, მარტივად აღსაქმელ და თანამედროვე გემოვნებაზეა მორგებული. კომპანია ცდილობს, ახალგაზრდა მომხმარებელი ღვინომდე არა მხოლოდ ტრადიციის, არამედ მისთვის ნაცნობი ვიზუალური ენისა და გემოვნების საშუალებით მიიყვანოს.
ამავე კონცეფციის ნაწილია ტურისტული შეთავაზებაც. Vina Belje-ს ვენახებში დაახლოებით რვაკილომეტრიანი ღვინის გზაა, ბანოვო ბრდოს ხედებითა და სპეციალური გადასახედი წერტილით. ახალგაზრდებს შეუძლიათ ველოსიპედებით შემოარონ ვენახები, მეღვინეობის თანამედროვე საწარმოს და ძველი მარნის სპეციფიკას გაეცნოს.
Vina Belje-ს მეღვინეობის თანამედროვე საწარმოც აქვს უზარმაზარი ღვინის ავზებით, დიდი რეზერვუარებით, ტექნიკური დანადგარებით; ყურძნის მიღებიდან ღვინის გადამუშავებამდე გამართული სისტემებით. აქ წელიწადში 3.5 მილიონი ლიტრი ღვინო იწარმოება.
საბოლოოდ, რაც ამ კომპანიის მიდგომებში ყველაზე მეტად მომეწონა ისაა, რომ მეამბოხე, სტერეოტიპების დამანგრეველ ახალგაზრდებს საკუთარ ტრადიციულ მიდგომებს კი არ ახვევს, არამედ, მათი ჩართულობით, მათი გემოვნების გათვალისწინებით, ისტორიის ახალ ფურცელს წერს.
რუსუდან გიგაშვილი ხორვატიიდან