Žito - ხორვატიის თესლის გადამუშავების ინდუსტრიის წარმატებული მოთამაშე
ეს კარლო დუდაა, Tvornica ulja Čepin-ის ხელმძღვანელი, რომელიც Žito Group-ის შემადგენლობაში შედის. ოსიეკთან, ჩეპინში მდებარე კომპანია 1942 წლიდან მუშაობს და დღეს ხორვატიის ზეთოვანი კულტურების გადამუშავების ერთ-ერთი მთავარი საწარმოა. მისი ყველაზე ცნობილი ბრენდია Tena, რომელიც ევროკავშირის თითქმის ყველა მსხვილ ქსელურ მარკეტებშია წარმოდგენილი.
80 წელზე მეტი ისტორიით კომპანია წელიწადში 150 000 ტონა ზეთოვან კულტურებს ამუშავებს და დაახლოებით 32 მილიონ ლიტრ რაფინირებულ ზეთს აწარმოებს. მზესუმზირის გარდა, ამუშავებენ რაფსს და სოიოს. წარმოება თითქმის სრულად ავტომატიზებულია.
საწარმო ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია, სადაც პროცესი მინდვრიდან იწყება. Žito Group დაახლოებით 3 000 კოოპერატორ ფერმერთან თანამშრომლობს, მათგან ყიდულობს ნედლეულს. აქვს საკუთარი მეურნეობაც 17.8 ჰა-ზე. ჯამში კომპანია და ფერმერები ერთად 60 000 ჰა-ს ამუშვებენ.
ამ ჯაჭვში განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რა ხდება ზეთის გამოხდის შემდეგ. დაპრესილი მასალა უბრალოდ ნარჩენი არ არის. მზესუმზირისა და რაფსის გადამუშავების შედეგად მიღებული შროტი გამოიყენება ცხოველთა საკვების წარმოებაში. სხვა გვერდითი პროდუქტები კი ბიოგაზის სადგურებში, ენერგიის საწარმოებლად. ჯგუფს ოთხი ბიოგაზის სადგური აქვს, რომელთა საერთო სიმძლავრე 5.1 მეგავატია.
კომპანია ფლობს მზის ელექტროსადგურებსაც, 2026 წელს ქარხანამ დამატებით 3.5 მეგავატიანი მზის სადგური და 4.5 მეგავატიანი ბატარეის სისტემა აამოქმედა. მიღებულ ენერგიას ის საკუთარი წარმოების პროცესისთვის იყენებს.
Žito Group-ს აქვს პრობლემებიც. როგორც დუდამ თქვა, მუშახელის დეფიციტი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ადგილობრივ ახალგაზრდებს არ აქვთ ინტერესი აგრარულ სექტორში მუშაობის და ძირითადად უწევთ უცხოელების დაქირავება. კიდევ ერთი პრობლემა კლიმატური ცვლილებებია, რის გამოც, მუდმივი რყევები აქვთ.

Žito Group კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება კარგი კოოლაბორაციით, ინტერესების და შრომის გაერთიანებით; ტექნოლოგიური განახლებებით ეფექტურ შედეგზე გახვიდე. სწორედ ასეთი ინტეგრაცია ქმნის დღეს ევროპაში აგროსასურსათო ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობას.
რუსუდან გიგაშვილი ხორვატიიდან