საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია სამიზნე ჯგუფებს ოფიციალურად წარედგინათ.

პრეზენტაციას, რომელიც ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა, ასოციაციის წევრი ჟურნალისტები, საერთაშორისო დონორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული და საჯარო სექტორის, სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) მიზანია საქართველოში ამ დარგის განვითარების ხელშეწყობა სფეროს მთავარ მოთამაშეებთან ერთად; მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის მხარდაჭერა.


აგროჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე აცხადებს, რომ ორგანიზაცია გააერთიანებს ჟურნალისტებს, ფერმერებს და მესამე სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. მაია მამულაშვილის ინფორმაციით, აგროჟურნალისტთა ასოციაცია გეგმავს ტრენინგების, ვორქშოფების და შეხვედრების ჩატარებას, რომელიც ჟურნალისტებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ უნარ-ჩვევები, რათა სამიზნე ჯგუფს მაღალი სტანდარტების მასალები მიაწოდონ.


,,საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში და ცენტრალურ მედიაში აგრომიმართულების დარგში მომუშავე ჟურნალისტების და სხვა აგროკომუნიკატორების გაერთიანებას, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესები გააშუქონ უფრო სიღრმიუსეულად და მიაწოდონ ფერმერულ მეურნეობაში დასაქმებულებს უფრო დაბალანსებული და მაღალი სტანდარტის ჟურნალისტური მასალები. ჩვენ აგროჟურნალისტებისთვის ვგეგმავთ სხვადასხვა ტიპის ტრენინგს, შეხვედრებში მონაწილეობას, ვორკშოპებს, რომლითაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ, აიმაღლონ ჟურნალისტური უნარჩვევები. შესაბამისად ჩვენ საჯარო უწყებებს, საერთაშორისო და ბიზნეს ორგანიზაციებს ჟურნალისტებთან აქტიურ კომუნიკაციას, ჩართულობას და დარგის მოთამაშეებს შორის კომუნიკატორის როლის შესრულებას ვურჩევთ’’,- განუცხადა Knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.


საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ფერმას“ პროდიუსერი, თამარ ბოლქვაძე განმარტავს, რომ აგროჟურნალისტთა ასოციაციის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებისთვის, რათა სამიზნე აუდიტორიას მიაწოდონ საჭირო, დროული და სასარგებლო ინფორმაცია.


,,ჟურნალისტმა რომ მიაწოდოს ინფორმაცია აუდიტორიას საჭირო დროს და იყოს ის სასარგებლო, თავად უნდა იყოს ინფორმირებული. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რატომაც შეიქმნა აგროჟურნალისტთა ასოციაცია, რომ საბაზისო ცოდნა მაინც ჰქონდეთ აგრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ამ კუთხით მომუშავე ექსპერტებმაც უკვე გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი’’, - განუცხადა Knews.ge-ს თამარ ბოლქვაძემ.


ასოციაციის მხარდამჭერის, პროექტის "MOLI კახეთში" მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ნესტან მერმანიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს რეგიონულ მედიასთან. მისივე განმარტებით, მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით გამოიკვეთა დარგზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის განვითარების აუცილებლობა.

,,ჩვენი პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი არის ფერმერებისთვის ინფორმაციის მდგრადად მიწოდება. ამ კუთხით ვთანამშრომლობთ რეგიონულ მედიასთან. შესაბამისად რეგიონულ მედიასაშუალებებთან ერთად ხელი შევუწყეთ, რომ ჩამოყალიბებულიყო ასოციაცია. ასევე ასოციაციის შექმნას ხელი შეუწყო აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ, რომლის წევრებიც ძალიან მალე გავხდებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ასოციაციას დიდი როლი და ფუნქცია ექნება საქართველოში, როგორც დარგის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით’’.


აგროჟურნალისტთა ასოციაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მათი განმარტებით, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეტი ინფორმაცია მიიღონ, რომელიც საზოგადოების ინფორმირებაში დაეხმარებათ.


"მედია, რომლის დამფუძნებელი და რედატორი ვარ, 20 წლისაა. გამოვცემთ გაზეთს და გვაქვს ვებგვერდი. გაზეთს ვავრცელებთ სამ მუნიციპალიტეტში: ჭიათურაში, ხარაგაულში და ნაწილობრივ ზესტაფონში. ჩვენი მკითხველების დიდი ნაწილი დაკავებულია სოფლის მეურნეობით. გაზეთში ასევე გვაქვს სპეციალური ჩანართი, სახელწოდებით ,,ჩემი მამული’’, სადაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის საკითხებს ვაშუქებთ. ძალიან მიხარია, რომ დაფუძნდა აგროჟურნალისტთა ასოციაცია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ, ჟურნალისტებს კვალიფიციური ინფორმაციის მიღების საშუალება გვექნება. ჩვენც დროულდ და კვალიფიციურ ინფორმაციას მივაწვდით ფერმერებს’’,- აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას მედია ორგანიზაცია "ჩემი იმერეთის" დამფუძნებელი ლაურა გოგოლაძე.


გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი თამარ სანიკიძე განმარტავს, რომ ასოციაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს აგროჟურნალისტიკის განვითარებას, რომელიც სოფლის და სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე დადებით გავლენას მოახდენს.


,,როდესაც გყავს ინფორმირებული ფერმერი, ძლიერი სოფელი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება. ვფიქრობ, რომ აგროჟურნალისტიკის განვითარება დიდ გავლენას იქონიებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე’’,- აღნიშნა თამარ სანიკიძემ.


ფერმერის, შპს "შირაქის" დამფუძნებლის ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, დარგში მომუშავე ყველა პირისთვის სიახლეების და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია.


,,აგროსფერო ყოველთვის ვითარდება და ბევრი ტექნოლოგა ინერგება. ამის შესახებ ფერმერებს ინფორმაცია არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ასოციაციის ჩამოყალიბება, ის დაეხმარება თითოეულ ფერმერს ინფორმირებაში, რომელიც დარგში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. განვითარებულ ქვეყნებში დიდი წვლილი მიუძღვით აგროჟურნალისტებს რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებაში. იმედი მაქვს, რომ ეს ასოციაცია ხელს შეუწყობს მთავრობასა და ფერმერებს შორის შუამავლის როლის შესრულებას", - განაცხადა ბენიაიძემ.


აგროჟურნალისტთა ასოციაცია 2017 წელს დაარსდა. ასოციაციის პარტნიორია აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAJ). ასოციაციის მხარდამჭერია პროექტი "MOLI კახეთში", რომელიც HEKS/EPER- ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და არასამთავრობო ორგანიზაცია "ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება".

 

წყარო: www.knews.ge