სასწავლო ტური ქართველი აგროჟურნალისტებისათვის პოლონეთსა და გერმანიაში

2018 წლის 25-დან 30 მარტის ჩათვლით, კახეთის რეგიონში მოქმედი რეგიონული მედია საშუალებები და „საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ (AGAJ) წევრები, სასწავლო ტურის ფარგლებში, პოლონეთსა და გერმანიაში იმყოფებოდნენ.


სასწავლო ტური, პროექტის MOLI კახეთში მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტი რეგიონში, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, შვეიცარიული საერთაშორისო ორგანიზაციის HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უკვე მერვე წელია ხორციელდება.


პროექტის ერთ - ერთი მიმართულება, მედია საშუალებებით ფერმერთათვის ინფორმაციის მიწოდებაა, რათა ფერმერებმა თავიანთი საქმიანობა ეფექტურად წარმართონ.


სასწავლო ტურის მიზანი, სოფლის მეურნეობის განვითარების ტრადიციებთან ახლოს მდგომი ქვეყნის მაგალითზე, აგრო მედია პროგრამების/გადაცემების წარმოებისა და სპონსორობის შესაძლებლობების გაცნობა იყო, რაც ქართული აგრო მედია სექტორის გაძლიერებას, მაღალი ხარისხის აგრო პროგრამების წარმოებას და ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართულ პირთა ინფორმირებას უკავშირდება.


სასწავლო ტურში მონაწილე აგრო-ჟურნალისტთა ქართული დელეგაციის წევრები გახლდნენ რამაზ სამხარაძე, რადიო „ჰერეთის“ ხელმძღვანელი, ნინო სამნიაშვილი ტელეკომპანიიდან „გურჯაანი“, გიგა აბულაძე, გადაცემის „აგრო სიახლეები“ წამყვანი, მაია მამულაშვილი, მედია ცენტრის „კახეთი“ ხელმძღვანელი და AGAJ-ის თავმჯდომარე, AGAJ-ის გამგეობის წევრები: რუსუდან გიგაშვილი, ასოციაციის „მომავლის ფერმერი“ ხელმძღვანელი, თამარ ბოლქვაძე, გადაცემის „ფერმა“ პროდიუსერი, რადიოგადაცემის „სოფლის დილა“ - ავტორი და წამყვანი და დემეტრე ერგემლიძე, გადაცემების „ფერმა“ და „სოფლის დილა“ წამყვანი.


ქართველ აგროჟურნალისტთა დელეგაცია სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არაერთ მედია საშუალებას, მათ შორის, პოლონეთის საზოგადოებრივი რადიოს (Polskie Radio) მთავარ რედაქტორს, არტურ ვოლსკის შეხვდა, რომელმაც რადიოს დათვალიერებასთან ერთად, ორგანიზაციის დაფინანსების თავისებურებასა და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.


გარდა დაფინანსების მკაცრად განსაზღვრული რეგლამენტისა, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო მხარდაჭერას, პოლონეთის რადიო მუდმივად ზრუნავს პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებაზე და მკვეთრად გამოხატული კომერციული ორიენტაცია გააჩნია. თუმცა მათი ძირითადი პრინციპი მაინც, საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროფილის შენარჩუნებაა.


რაც შეეხება, მაუწყებლობის ხარისხს, საზოგადოებრივ რადიოს სპეციალურად შედგენილი კომისია ჰყავს, სადაც ენის, მართლწერისა და მეტყველების სპეციალისტები, პერიოდულად ამოწმებენ წამყვანების მეტყველებას, წინადადების წყობის, გრამატიკულ უნარებს, რაც შედეგად, ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.


პოლონეთის აგრო მედია საკმაოდ დივერსიფიცირებული და სპეციფიკურია. ძირითადად, მედია პროგრამების წარმოების ეფექტურობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მკაფიოდ განსაზღვრული სამიზნე აუდიტორია ჰყავს თითოეულ მედია საშუალებას და აკმაყოფილებს მათ ინტერესებს.


მედია პორტალის Farmer.pl - ისა და ჟურნალ "ფერმერის" გამომცემლობის მთავარ რედაქტორთან, ვიოჩეხ დენიშიუკთან შეხვედრისას, დელეგაციის წევრები, ერთი შეხედვით რთულად სტრუქტურირებული კონსორციუმის მუშაობის პირობებს გაეცნენ, რომლის წევრიცაა აღნიშნული პორტალი. თუმცა მთავარი სამუშაო პრინციპი ისაა, რომ თითოეულ საშუალებას ჰყავს თავისი აუდიტორია და მუდმიად ეცნობა მათ ინტერესებს. ასევე, PTWP SA Atrium Centrum კონსორციუმის წევრები არიან Sadyogrody და Ogrodnitwo, რომლებიც დარგობრივად განსაზღვრულ მიმართულებებზე ორიენტირებულად ცალ-ცალკე მუშაობენ. მაგალითად, მედია საშუალება Sadyogrody.pl წარმოადგენს მებაღეობა-მებოსტნეობის შესახებ ვებ პორტალს, სადაც მომხმარებელს ინფორმაცია შეუძლია მიიღოს როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლის, ასევე პროდუქციის რეალიზაციის შესახებ. მედია საშუალება Ogrodnictwo.expert, მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს და ფერმერებს ინფორმაციას პროდუქციის გასაღების პირობებისა და შესაძლებლობების შესახებ აწვდის.


მომდევნო ვიზიტი, პოლონეთის რეგიონულ ტელევიზიასა და რადიოში TVP3 შედგა, სადაც აგროჟურნალისტმა, იოანა ვარეხამ და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, აგნიეშკა ბაბალსკამ, ფერმერებთან ინფორმაციის მიტანის თავისებურებებსა და დაფინანსების მოზიდვაზე ისაუბრეს.


ხშირ შემთხვევაში, ძალიან რთულია, თანამედროვე ტექნოლოგიების მომგებიანობასა და ეფექტურობაში პოლონელ ფერმერთა დარწმუნება. ამისათვის, ერთ - ერთი ეფექტური საშუალება, ე.წ. “უბრალოდ ენით“ კომუნიკაციაა. "აგროჟურნალისტიკა შენელებული ცხოვრებაა. ის არ არის სენსაციაზე ორიენტირებული, მაგრამ მნიშვნელოვანია სიზუსტე და ცოდნა" - აღნიშნა ვარეხამ.


ფერმერთათვის ინფორმაციის მიწოდების საქმეში მნიშვნელოვან როლს, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი ასრულებს, რომელსაც ქართული მედია დელეგაცია ბაჟკოვიცეში, პოლონეთის ერთ - ერთ პატარა ქალაქში ესტუმრა.


ცენტრის თანამშრომლები, ფერმერებს 24 საათიან რეჟიმში რჩვებითა და ექსტენციით ემსახურებიან. გარდა ამისა, ცენტრი წელიწადში 10 ჟურნალს გამოსცემს, რომელიც სხვადასხვა აქტუალურ თემას სეზონურად და საჭიროებისამებრ პასუხობს.


მორიგი შეხვედრა, პოლონეთის ქალაქ შჩეჩინის რადიოში, ერთ - ერთ უხუცესს აგროჟურნალისტთან, ზჯისლავ ტარარაკოსთან შედგა. ჟურნალისტი, რომელიც რადიოში 44 წელია მუშაობს სოფლის მეურნეობის თემებზე, მისთვის უმთავრესი, ეთერში სიმართლის თქმა და თითოეული საკითხის სიღრმისეულად ცოდნაა.


ტურის ფარგლებში, ქართველი აგროჟურნალისტები, ზაბორსკოში, სოფლის განვითარების ფონდს და კულტურულ ღირებულებათა ნაკრძალს ეწვია. ფონდი ხელს უწყობს სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებას და ამის ერთ - ერთი მაგალითი, ზაბორსკოს ნაკრძალთან არსებული ასაკოვან ქალბატონ და მამაკაცთა მუსიკალური გუნდია. გუნდის რეპერტუარი ძირითადად, ტრადიციული პოლონური სიმღერებითაა დაკომპლექტებული, რაც ასე მნიშნველოვანია ევროკავშირთან გაერთიანების პროცესში კულტურული იდენტობის შენარჩუნების კუთხით.


ბოლოს, ქართველი აგროჟურნალისტები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მრჩეველს ბერლინში, არმინ ჰუტენლოხერს და საქართველოს ელჩს გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე, ორივე ქვეყანაში არსებული ვითარება იქნა განხილული, რის შედეგადაც სამომავლოდ თანამშრომლობის პერსპექტივები გამოიკვეთა.
ტურის შედეგად, არაერთი საერთო პროქტის იდეა და ნაბიჯები დაიგეგმა, რომელიც ორივე ქვეყნის აგრო მედია სექტორის და ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარების იდეას ემსახურება.

 

წყარო: www.moli.ge