აგრარული სფეროს უკეთ გასაშუქებლად, ჟურნალისტები ასოციაციაში ერთიანდებიან

აგრარულ მიმართულებებზე მომუშავე ჟურნალისტებს, კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგროჟურნალისტთა ასოციაციაში გაწევრიანებას სთავაზობენ. ასოციაციამ დღეს, 2 მარტს, ახალციხეში სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის მიზანია, აგროსფეროში ჩართული მედიების და ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლება და ასევე აქტიური კომუნიკაციის დამყარება აგროსფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან. კვლევაზე ორიენტირებული, სიღრმისეული და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების ახალი ამბების წარმოების მხარდაჭერა სხვადასხვა მედიასაშუალებებში.


„მნიშვნელოვანია ხარისხიანი, მაღალპროფესიული სტანდარტით მოზადებული და დარგობრივი მოთხოვნის შესაბამისი მასალები მომზადდეს, რათა მოსახლეობა, რომელიც ჩართულია აგრომეურნეობაში, იყოს მეტად ინფორმირებული და მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს მიიღოს აგროგანთლება“, – განაცხადა საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ მაია მამულაშვილმა.


მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება, სამცხე–ჯავახეთში უკვე შეხვდნენ ბორჯომელ ჟურნალისტებს.

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ყველა მოქმედ ჟურნალისტს, რომელიც მუშაობს აგრარული მიმართულებით, ან პერიოდულად ამზადებს მასალებს ამ მიმართულებით. ასოციაცია ჟურნალისტებს ტრენინგებს ჩაუტარებს.

"აპრილში დავგეგმავთ კონკრეტულად რომელი მიმართულებით ურჩევნიათ ცოდნის გაღრმავება მედიის წარმომადგენლებს, რადგან აგროსფერო ძალიან ფართოა და შესაძლოა ყველა მიმართულება ჟურნალისტებისთვის საინტერესო არ არის. ამის შემდეგ შევარჩევთ ექსპერტებს, რომლებიც ტრენინგებს ჩაატარებენ", – განმარტავს მაია მამულაშვილი.

საქართველო აგროჟურნალისტთა ასოციაცია არის ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანება, რომლის წევრები ქმნიან და ავრცელებენ სასოფლო–სამეურნეო სფეროსა და მასთან დაკავშირებულ ინფრომაციას. ასოციაციის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობით.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]