ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის საკითხებში გადაამზადებენ

რა მნიშვნელობა აქვს მედიაში სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქებას იმისთვის, რომ ფერმერმა მისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს - ამ თემაზე "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ" ზუგდიდში, სამეგრელოში მოქმედ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

აგროჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლის რუსუდან გიგაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარებას სჭირდება ქართულ მედიაში მეტი აგროკონტენტის შექმნა, რაშიც, მისივე თქმით, ასოციაცია ჟურნალისტების დახმარებას გეგმავს.

„ასოციაციის მიზანია, რომ უფრო გაზარდოს ჟურნალისტთა ცნობიერება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი აგროკონტენტი შეიქმნას. საბოლოო მიზანი კი არის ის, რომ ფერმერს ჰქონდეს მეტად კვალიფიციური მასალა, გაზარდოს თავისი პროდუქცია, ადგილობრივი წარმოება და უფრო განვითარდეს სოფლის მეურნეობა“, - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.

მისივე ცნობით, აგროჟურნალისტთა ასოციაცია ჩაატარებს ტრენინგებს სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქებით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის, ასევე ასოციაციის ვებ-გვერდზე აიტვირთება სხვადასხვა სახის სასწავლო მასალა და მუდმივად განახლებული ინფორმაცია, ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

აგროჟურნალისტთა ასოციაცია გასულ წელს შეიქმნა. მისი წევრები ამზადებენ და ავრცელებენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და მასთან საკავშირებულ ინფორმაციას. ასოციაციაში გაწევრიანება შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით.

 

წყარო: www.livepress.ge